
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 მარტს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ეკონომიკის აღორძინება იქ, სადაც საომარი სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა. ამ მიზნით, მან საგადასახადო რეფორმის პირველადი მონახაზი წარადგინა, რომელიც ბიზნესს მაქსიმალურად უმარტივებს ოპერირებას.
"მთავრობამ მიიღო მკაფიო დავალება აღადგინოს მცირე და საშუალო ბიზნესი, აღკვეთოს ნებისმიერი დაბრკოლება და შეძლებისდაგვარად შეამციროს გადასახადები“,- განაცხადა ზელენსკიმ.
საგადასახადო რეფორმა გულისხმობს დღგ-ს და საშემოსავლო გადასახდის ნაცვლად ბიზნესის ბრუნვის 2%-ით დაბეგვრას, ასევე გამარტივებულ ანგარიშგებას. მცირე ბიზნესის შემთხვევაში, მთავრობას გადასახადის უნიფიცირებული ნებაყოფლობითი სისტემა შემოაქვს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაიხადე თუ შეგიძლია, მაგრამ თუ არ შეგიძლია, კითხვები არ იქნება," განმარტა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რეფორმის მეორე მიმართულებაა ბიზნესის მაქსიმალური დერეგულირება.
"ჩვენ ვაუქმებთ სალარო ჩეკებს ყველა ტიპის ბიზნესისთვის, რათა მივცეთ საშუალება იფუნქიონირონ ნორმალურ რეჟიმში, რათა ქალაქები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ სტილს, რათა ცხოვრება გაგრძელდეს ყველგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. ერთადერთი პირობაა, თქვენი ბიზნესი ნორმალურად უნდა ოპერირებდეს უკრაინის კანონმდებლობის ფარგლებში," განაცხადა რუსეთის სრულმასშტაბიანი იერიშის მოგერიების რეჟიმში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ რეფორმას გაგრძელებაც ექნება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალი საგადასახადო მოდელი და ფინანსური წესების განახლებაა საჭირო.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტი ამის რეგულირების გზებზე უკვე მუშაობს და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.