LIVE

რუსეთის მტკიცებით, $117 მილიონის საგარეო ვალი გაყინული აქტივებით გადაიხადა

17 მარ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2420
რუსეთის მტკიცებით, $117 მილიონის საგარეო ვალი გაყინული აქტივებით გადაიხადა

რუსეთმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ინვესტორებისთვის $117 მილიონის გადახდის ბრძანება გასცა. ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს პირველი საერთაშორისო დეფოლტი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

თანხები, რომელიც ქვეყანამ ვალის გადასახდელად გამოიყენა, რუსეთის გაყინული საგარეო აქტივების ნაწილია. რეზერვები ქვეყნის უკრაინაში შეჭრის გამო სანქცირებულია, ამიტომ გაურკვეველია მიიღებენ თუ არა ინვესტორები რუსეთის გადახდას.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა სახელმწიფო მედია Russia Today-ს განუცხადა, რომ რუსეთმა კრედიტორების წინაშე ვალდებულებები შეასრულა. მან ასევე აღნიშნა, რომ გადახდა შეიძლება არ განხორციელდეს, თუ შეერთებული შტატები ნებართვას არ გასცემს.

ხაზინის სპიკერმა სიტუაციის შესახებ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გადასახადებს განხორციელების საშუალებას მისცემს.

თუ აშშ დაბლოკავს გადახდას, რუსეთმა განაცხადა, რომ შეეცდება ინვესტორებს რუბლში გადაუხადოს და არა დოლარში. თუმცა, Fitch Ratings-ის მიხედვით, ეს შეიძლება დეფოლტად ჩაითვალოს.

ორი კუპონის გადახდა დოლარში დენომინირებულ ევროობლიგაციებზე, პირველი გამოცდაა ქვეყნის გადახდისუნარიანობისთვის მის წინააღმდეგ დაწესებული მასიური სანქციების პირობებში.

JPMorgan-ის შეფასებით, რუსეთს გასული წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში $40 მილიარდის ვალი ჰქონდა, რომლის დაახლოებით ნახევარი უცხოელ ინვესტორებს ეკავათ. ქვეყანას გადახდები კიდევ აპრილში უწევს. მომავალ თვეში დაგეგმილმა $2 მილიარდიანმა გადახდამ, შესაძლოა, მოსკოვს კიდევ უფრო დიდი თავის ტკივილი გაუჩინოს.

შეგახსენებთ, 7 მარტს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალის გადახდის ახალი წესები დაადგინა და უცხოელი კრედიტორები ორ კატეგორიად დაყო. კრედიტორები ქვეყნებიდან, რომლებიც მტრულ ღონისძიებებში ერთვებიან, პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდებს მხოლოდ რუბლში მიიღებენ.

ახალი პროცედურა გულისხმობს ეგრეთ წოდებული C ტიპის ანგარიშების გახსნას, რომელიც ავტომატურად შეიძლება განხორციელდეს უცხოელი კრედიტორის თანხმობის ან ჩარევის გარეშე. Morgan Lewis-ის პარტნიორის გრიგორი მარინიჩევის მიხედვით, ამ ტიპის ანგარიშებზე ტრანსფერის მიღება დაბლოკილ ანგარიშზე გადახდის ტოლფასია.

ნებისმიერი ასეთი გადახდა, სავარაუდოდ, გამოიწვევს სამართლებრივ დაპირისპირებას რუსეთსა და მისი ობლიგაციების მფლობელებს შორის იმაზე, თუ რა წარმოადგენს ვალის ლეგიტიმურ დაფარვას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ობლიგაციების მფლობელებისთვის, არამედ ინვესტორებისთვის, რომლებსაც რუსეთის ვალთან კავშირში $40 მილიარდზე მეტი ღირებულების საკრედიტო დეფოლტის სვოპები აქვთ.