LIVE

ყველაზე ნათელი გონების მქონე ხალხი რუსეთიდან გარბის - Bloomberg

20 მარ 202216:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1396
ყველაზე ნათელი გონების მქონე ხალხი რუსეთიდან გარბის - Bloomberg

ის, რაც რუსეთში ხდება, უკვე აღარ შეიძლება შეფასდეს, როგორც ტვინების გადინება: ეს არის ჭყლეტა გასასვლელებისთვის.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტის კონსტანტინე სონინის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ, პირველი 10 დღის განმავლობაში დაახლოებით 200 000 რუსი გაიქცა ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რუსებს უვიზოდ უშვებენ: საქართველოში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქეთში. 

ყირგიზეთის პარლამენტის წევრმა მთავრობას მოუწოდა, დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნა და დროებითი საცხოვრებლის მოწყობა ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის, რომლებიც რუსეთიდან ყოველდღიურად ჩადიან. 

ცენტრალური აზიის ღარიბი ქვეყანაც კი, რომელიც რუსული სამშენებლო ობიექტებისთვის და სწრაფი კვების ობიექტებისთვის იაფ მუშახელის ექსპორტს ახორციელებს, ფაქტობრივად უსაფრთხო თავშესაფარია განათლებული რუსებისთვის, რომლებიც უკრაინის შეჭრის შედეგად შექმნილ ვლადიმერ პუტინის კატაკლიზმს გაურბიან. 

200 000 მცირე რიცხვია იმ 3 მილიონზე მეტ ლტოლვილთან შედარებით, რომლებმაც დატოვეს უკრაინა, მაგრამ რუსებს, როგორც აგრესორი ერის მოქალაქეებს, ქვეყნიდან წასვლა სიცოცხლის გადასარჩენად არ სჭირდებათ. 

რუსეთს ხშირ შემთხვევაში ტოვებენ ისინი, ვისაც ბევრი აქვს დასაკარგი: სახლები, მანქანები, კარგი შემოსავალი და დანაზოგი, რომელთა რუსული ბანკებიდან ამოღება რთულია. ისინი ყველაფერს უკან ტოვებენ. ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ისაა, რომ მათ არაფერი უნდა აკავშირებდეთ პუტინის მოჩვენებით-იმპერიულ პროექტთან და არ სურთ მის სამხედრო დანაშაულებთან ასოცირება; ნაწილისთვის კი წარმოუდგენელია საბჭოთა ტიპის ავტოკრატიის პირობებში ცხოვრება.

რუსეთიდან პანიკური გაქცევა აგვირგვინებს მიგრაციის ზრდის ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანაში ფიქსირდება.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით (რომელიც რეალურად არ ასახავს სინამდვილეს), რუსეთმა საბჭოთა რეჟიმის დანგრევის შემდეგ, 1992 და 1993 წლების განმავლობაში დაკარგა 1,2 მილიონი ადამიანი. ბევრი მათგანი აკადემიკოსი და პროფესიონალი იყო, რომლებსაც შეეძლოთ გარდაექმნათ სამეცნიერო სფეროები და განათლების მიდგომები იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დასახლდნენ.

რუსეთში ემიგრაციის ტემპი 2011 წლისთვის შენელდა, თუმცა 2014 წლისთვის პროცესი კვლავ განახლდა. რუსეთის სტატისტიკაზე ეს არ ასახულა, მაგრამ გერმანიის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს რუსეთიდან 23,352 ახალ მაცხოვრებელი ჩავიდა. მათ შორის ამ სტატიის ავტორიც იყო.

2019 წელს "ატლანტიკური საბჭოს" პროგნოზით, 2000 წლიდან „პუტინისგან გაქცეულების“ რიცხვი 1,6-დან 2 მილიონამდე გაიზრდებოდა. 

ამ ხალხმა რუსეთი უფრო კომფორტული საცხოვრებლის საძიებლად არ დატოვა, არამედ თავისუფლებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობის პოვნის იმედით.

"მე ამ ტალღას (ჩვენს ტალღას) იმედგაცრუების ემიგრაციას ვუწოდებ. დაახლოებით 15 მოკლე, მაგრამ მოვლენებით სავსე წლის განმავლობაში, გვეჩვენებოდა, რომ რუსეთი თითქოს შეიძლება ყოფილიყო ახალი ქვეყანა, რომელიც უყურებდა მომავალს და არა წარსულს, გამოიყენებდა ნიჭის უზარმაზარ მარაგს პროგრესისთვის და არა განადგურებისთვის. ეს ილუზია აღმოჩნდა. პუტინი ამ ხედვიდან ყოველწლიურად უხვევდა, რამდენადაც იზრდებოდა რეპრესიები ოფიციალური იდეოლოგიის უკმაყოფილების პირდაპირპროპორციულად",- წერს ორგინალური სტატიის ავტორი. 

ვლადიმირ სოროკინი, რომლის 2000-იანი წლების შუა პერიოდის დისტოპიური დილოგია, "ოპრიჩნიკის დღე" და "კრემლის შაქარი" ზუსტი წინასწარმეტყველებაა იმისა, თუ სად მიიყვანს პუტინის პოლიტიკა რუსეთს, ახლა ბერლინში ცხოვრობს. 

გრიგორი ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის სახელითაა ცნობილი, ახლა ლონდონს სამშობლოს უწოდებს.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყოველგვარი იმედი გააქრო და დღეს იმედგაცრუებაზე საუბარი უკვე გვიანია. უფრო ძლიერი სიტყვებია საჭირო.

"ჩემმა რუსეთმა დაბადა კეთილსინდისიერი ფაშიზმი",- დაწერა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, ყოფილმა ოლიგარქმა, რომელმაც ტყვეობას ემიგრაცია არჩია. 

"ახალ გაქცეულები, რომლებსაც მე ვესაუბრები, გაოგნებულები, დეზორიენტირებული არიან და ხშირად რცხვენიათ - რცხვენიათ დაურეკონ უკრაინელ მეგობრებთან ან მოხალისეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან, რადგან ეს ნიშნავს მათ სახეში შეხედვას",- წერს Bloomberg-ის სტატიის ავტორი.  

ემიგრანტთაგან ზოგიერთი ფაქტობრივად მიესალმა რვა წლის უკან ყირიმის თითქმის უსისხლო ანექსიას. იმ დროს გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რუსების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს. მაგრამ რუსული ბომბები, რომლებიც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების თავზე "წვიმდა", მათთვისაც კი ზედმეტი აღმოჩნდა.

"ნამდვილ რუსს არასოდეს რცხვენია რუსად ყოფნა. თუ ვინმე ასე ამბობს, ისინი არ არიან რუსები და ჩვენ არაფერი გვაქვს მათთან სათქმელი",– თქვა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

თუმცა ახალ ემიგრანტები ვერაფერს გახდებიან. როდესაც ისინი სახლების და სამუშაოს ძებნას დაიწყებენ, ისინი ვერ დამალავენ თავიანთ სახელებს, აქცენტს და პასპორტებს. წინა გასვლებთან შედარებით, ახლა ისინი უფრო მეტად გრძნობენ ანტირუსულ განწყობას, რომელსაც პუტინი აღვივებს. ემიგრაციის წინა ტალღებისგან განსხვავებით, ახლა რუსებს ხშირად პუტინის რეჟიმის თანამონაწილეებად თვლიან, რადგან ისინი იცდიდნენ იქამდე, სანამ ქვეყანას დატოვებდნენ.  

ყველაფრის მიუხედავად, მათი წინამორბედების მსგავსად, ეს რუსებიც გაერთიანდებიან შეერწყმებიან ახალ ქვეყნებს. დაწერენ კოდებს, ესეებს, დაუკრავენ მუსიკას და ა.შ. ისინი სხვა საზოგადოებების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ იმ უნარებს, რომლებიც პუტინმა გაცვეთილ იმპერიულ ოცნებაზე გადაცვალა მაშინ, როცა დასავლური სანქციების პირობებში, რუსეთი გასული 100 წლის განმავლობაში ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე დგას.

როგორც ჩანს, პუტინსაც კი ესმის, რა ელის მის გრანდიოზულ პროექტებს. თებერვლის შუა რიცხვებში, როცა თავდასხმის გეგმები მის თავში მომწიფდა, უბრძანა თავის მინისტრებს და სააგენტოების ხელმძღვანელებს, რომ ეპოვათ გზები უცხოელი აკადემიკოსები სახელმწიფო კვლევით დაწესებულებებში მისატყუებლად. რუსი ინტელექტუალები ამ წამოწყებას მაშინაც დაცინვით შეხვდნენ. ახლა ეს იდეა უაზროდ გამოიყურება.

პუტინის რეჟიმის ინტელექტუალური სიღარიბე გამოვლინდა. შიში და ძალადობა მკაფიო აზროვნებას ხელს არ უწყობს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს ჯერ კიდევ შემორჩა ჭკვიანი ადამიანები (საუკეთესო უნივერსიტეტების ათასობით კურსდამთავრებული, რომლებმაც ხელი მოაწერეს ომის საწინააღმდეგო პეტიციებს და ემიგრაციაში ჯერ არ წასულან) მათი ტვინი რეჟიმისთვის  ხელმისაწვდომი არ არის. 

ეს პროცესი საბოლოოდ დასრულდება "ტვინების რუსეთში შედინებით", როგორც კი პუტინის კორპუსი დაინგრევა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეონიდ ბერშიდსკი