LIVE

ფრიდმანი, მედვედევი, ზახაროვა - ბრიტანეთმა 370-ზე მეტ პირს სანქციები დაუწესა

15 მარ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 799
ფრიდმანი, მედვედევი, ზახაროვა - ბრიტანეთმა 370-ზე მეტ პირს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა დღეს ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ზომები გააძლიერა, აკრძალა ფუფუნების საქონლის ექსპორტი და სანქციები დაუწესა ინდივიდუალურ პირებს, მათ შორის Alfa Bank-ის დამფუძნებელს მიხაილ ფრიდმანის, LetterOne-ის თანადამფუძნებელს პეტრ ავენს და ყოფილ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს. 

სიაში ასევე შედიან პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეზღუდვები 370-ზე მეტი ფიზიკური პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ დააწესა, მათ შორისაა რუსეთის 51 უმდიდრესი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები.

ამ ადამიანებს ეკრძალებათ ბრიტანეთში შესვლა, ასევე გაყინულია მათი ქონება ბრიტანეთში.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჯამში ბრიტანეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციები 1000-ზე მეტ პირს დაუწესა. 

„ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინზე და ვუჭრით დაფინანსების წყაროს რუსული ომის მანქანას",- ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასმა ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში. 

ბრიტანეთის მთავრობამ ასევე გამოაქვეყნა 900 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონლის სია, რაზეც არსებული სავაჭრო ტარიფები 35%-ით გაიზრდება. მათ შორისაა არაყი, სასუქები, ფოლადი და ალუმინი. 

სანქციების ბოლო რაუნდი შესაძლებელი გახდა ეკონომიკური დანაშაულის შესახებ კანონით, რომელიც ქვეყანამ გუშინ დაამტკიცა. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გასულ კვირას შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს და Basic Element-ის დამფუძნებელს ოლეგ დერიპასკას სანქციები დაუწესა

მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, აშშ-სთან ერთად, რუსული ნავთობის იმპორტზე უარს ამბობს. ქვეყანა მის აკრძალვას ეტაპობრივად, რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავს. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს აკრძალვა რუსულ გაზს არ ეხება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალექს მორალესი და ჯო მეისი