LIVE

პოლონეთი შიშობს, რომ რუსეთის აგრესია მასზეც გავრცელდება

15 მარ 202215:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1290
პოლონეთი შიშობს, რომ რუსეთის აგრესია მასზეც გავრცელდება
Getty Images

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთი თავს დაუცველად ორ ფრონტზე გრძნობს. ერთი მხრივ, ქვეყანაში შემოსული ლტოლვილების რიცხვი იმატებს, მეორე მხრივ კი რუსული ძალები ქვეყნის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზას ესხმიან თავს.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლტოლვილთა კრიზისში, პოლონეთი 1.7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა აირჩია. ზოგი ტოვებს ქვეყანას, მაგრამ უმეტესობა კულტურული, ენობრივი და ოჯახური კავშირების გამო პოლონეთში რჩება. შედეგად, ვარშავაში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა.

განგაშის ზარები ისმის უსაფრთხოების კუთხითაც. შაბათ-კვირას რუსეთმა იავორივში უკრაინის სამხედრო ბაზა დაბომბა, რომელიც პოლონეთის საზღვართან სულ რაღაც 16 კილომეტრშია.

პოლონეთი წლების განმავლობაში აფრთხილებდა დასავლეთს, რომ რუსეთი ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლას მის სასარგებლოდ გეგმავდა. იმ დროისთვის პოლონელი ლიდერები პანიკიორებად შერაცხეს. ახლა ეს იცვლება.

ორშაბათს პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდებათ და ამას იმსახურებენ. მისი თქმით, ისინი იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლების თავისუფლებისთვისაც.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე თავდასხმა მან აღწერა, როგორც მისი გეოპოლიტიკური გეგმის წინასწარ განსაზღვრული ნაწილი.

ოდესღაც NATO-ს ზოგიერთი წევრის მიერ პოსტ-კომუნისტურ რუსოფობად აღქმული პოლონეთი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენად იქცა. ის ახლა ჯაჭვის უძლიერესი ნაწილია, რომელიც დასავლეთს უკრაინასთან აკავშირებს.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის უმეტესობა ქვეყანაში პოლონეთის გავლით ხვდება. შაბათს მოსკოვმა ეს კოლონები უკრაინაში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა.

თუმცა, სჯერათ თუ არა პოლონელებს, რომ კრემლი თავს დაესხმება მათ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის და რაც უფრო მნიშვნელოვანია NATO-ს წევრია?

ვარშავის მერის, რაფალ ტრზასკოვსკის თქმით, ქვეყანა პანიკაში არ არის. თუმცა ხალხი იწყებს კითხვების დასმას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლონეთის საზღვართან რუსეთის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და პარალელურად NATO-მ რუსეთის სავარაუდო ქიმიურ თავდასხმის გეგმებზე დაიწყო საუბარი.