LIVE

რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა განახევრდა

04 მარ 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 625
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკა განახევრდა

რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ, უკრაინამ საერთაშორისო დახმარების სახით, $15 მილიარდზე მეტი მიიღო. ქვეყნისთვის ამ თანხას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან, ნორმალურ პერიოდთან შედარებით, მისი ეკონომიკა განახევრებულია.

ეს მაჩვენებელი უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%-ს უტოლდება. უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, კირილო შევჩენკოს თქმით, ეს თანხა არის უკრაინისთვის გაწეული ფინანსური, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების ჯამია და მისი მესამედი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები აყოვნებენ საპროცენტო განაკვეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში რუსული ჯარები თავდასხმას კვლავ განაგრძობენ. 

"ნამდვილად უზარმაზარი დატვირთვაა ჩვენს სახელმწიფო ფინანსებზე, ცენტრალური ბანკის საჯარო რეზერვებზე და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გლობალური საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ჩვენი ფინანსები სიცოცხლისუნარიანი იყოს და შევძლოთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა",-განუცხადა უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ, სერხი ნიკოლაიჩუკი Bloomberg-ის ტელევიზიას.  

მისივე თქმით, წინასწარი შეფასებით, დღიური მშპ "მშვიდობიანი პერიოდის" დაახლოებით ნახევარს უდრის. 

უკრაინელი ხალხის მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მსოფლიო ბანკმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ იგი მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკრაინისთვის $3-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად. 

სამი დღის უკან უკრაინამ გაყიდა 8,1 მილიარდი გრივნას ($277 მილიონი) "ომის ობლიგაციები" შეიარაღებული ძალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ფულადი სახსრების მოსაზიდად.

ამავდროულად, მოკავშირე ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ რუსეთის შეზღუდვების დაწესებას, თუმცა აგრესორი ქვეყანა შეჩერებას არ აპირებს. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს აგრესიისთვის ფასის გადახდა მოუწევს. 

"თქვენ აგვინაზღაურებთ ყველაფერს, რაც ჩვენ წინააღმდეგ გააკეთეთ",- ამბობს ზელენსკი.

ამ ფონზე უკრაინის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს - 10% უცვლელად ტოვებს. იგი რჩება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი. ბანკი მონეტარული პოლიტიკის რეგულარულ შეხვედრებს მას შემდეგ განაახლებს, რაც ეკონომიკა ნორმალიზდება.

შევჩენკო აცხადებს, რომ ხელისუფლება სავალუტო ბაზარს ჩვეულ რეჟიმში უმოკლეს ვადაში, სავარაუდოდ, ეტაპობრივად დააბრუნებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დარინა კრასნოლუცკა და ვოლოდიმირ ვერბიანი