LIVE

ომის ობლიგაციების გაყიდვით უკრაინამ $277 მილიონი შეაგროვა

01 მარ 202223:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1215
ომის ობლიგაციების გაყიდვით უკრაინამ $277 მილიონი შეაგროვა

უკრაინამ ომის ობლიგაციების გაყიდვით $277 მილიონი შეაგროვა. ნაბიჯი ქვეყნის ერთ-ერთი მცდელობაა გლობალური მხარდაჭერის მისაღებად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უკრაინამ ასევე გააგრძელა ფინანსური ვალდებულებების შესრულება და დამანგრეველი კონფლიქტის ფონზე საერთაშორისო ინვესტორებს ობლიგაციებზე პროცენტის სახით $300 მილიონი გადაუხადა.

ქვეყნის მთავრობა სახსრების მოზიდვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან სასწრაფო დახმარების მისაღებად.

ომის ობლიგაციები ერთ-ერთი სახალხო დაფინანსების (crowdfunding) ინსტრუმენტია, რომელსაც უკრაინა შეიარაღებული ძალებისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფულის შესაგროვებლად იყენებს.

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ასევე შექმნა სპეციალური ანგარიში, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადამიანებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ. სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქვეყნის მთავრობამ გააზიარა კრიპტო მისამართების დეტალები, რათა კრიპტოს მეშვეობით სახსრების მიღება შეძლოს.

დღევანდელი მონაცემებით, ბლოკჩეინის ანალიტიკური ფირმა Elliptic-ის მიხედვით, ანგარიშებზე უკვე $17 მილიონი მოგროვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, რომლებიც ასევე იღებენ კრიპტო დონაციებს შემოწირულებები $24.6 მილიონამდე აღწევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფერგალ ობრაიენი