LIVE

რამდენად საშიში იყო უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა

04 მარ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1269
რამდენად საშიში იყო უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა
AP

რუსეთის ჯარის მიერ უკრაინაში ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი მისი ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთში და გააჩინა კატასტროფის შიში, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მთელ ცენტრალურ ევროპაზე. აფეთქება გვახსენებს 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფას.

შეშფოთებამ იკლო მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო და რეაქტორის განყოფილება არ დაზიანებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური ჩერნობილისგან განსხვავებული დიზაინისაა და დაცულია ხანძრისგან, ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შიშობენ, რომ ომის წარმოება ასეთ ობიექტებში და მის გარშემო უკიდურეს რისკს წარმოადგენს.

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული რეგულატორის მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ თუ ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება, ის იძულებული იქნება გამოიყენოს ნაკლებად საიმედო დიზელის გენერატორები მოქმედი გაგრილების სისტემებისთვის გადაუდებელი ენერგიის მიწოდებისთვის. ამ სისტემების წარუმატებლობამ შეიძლება გამოიწვიოს იაპონური ფუკუშიმას ქარხნის მსგავსი კატასტროფა, როდესაც 2011 წელს ძლიერმა მიწისძვრამ და ცუნამმა გაანადგურა გაგრილების სისტემები, რამაც გამოიწვია დნობა სამ რეაქტორში. 

“თუ აფეთქება მოხდება, ეს ყველას დასასრულია. ევროპის დასასრულია. ეს ნიშნავს ევროპის ევაკუაცია”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ რუსეთის ხელმძღვანელობაზე, რათა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ატომური სადგურის მახლობლად. 

რა შეიძლებოდა მომხდარიყო? 

დაზიანებული რეაქტორი გათიშული იყო, მაგრამ მაინც შეიცავს უაღრესად რადიოაქტიურ ბირთვულ საწვავს. დანარჩენი ექვსი რეაქტორიდან ოთხი ამჟამად გათიშულია და მხოლოდ ერთი რჩება ექსპლუატაციაში. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის დირექტორმა ჯონ ვოლფსტალმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს მსახურობდა, განაცხადა, რომ ქარხნის რეაქტორებს აქვთ სქელი ბეტონის გუმბათები, რომლებიც დაიცავდა მათ ტანკებისა და არტილერიის ცეცხლისგან, მაგრამ ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი არასდროს არის კარგი. 

ბირთვულ ობიექტებში კიდევ ერთი საშიშროებაა აუზები, სადაც დახარჯული საწვავის ღეროები ინახება გასაციებლად, რომლებიც უფრო დაუცველია დაბომბვის მიმართ და რამაც შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური მასალის გამოყოფა. 

თუმცა, შესაძლოა, ყველაზე დიდი პრობლემა სადგურის ელექტრომომარაგება გახდეს, ამბობს ნაჯმედინ მეშკატი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერიის პროფესორი, რომელმაც შეისწავლა როგორც ჩერნობილის, ასევე ფუკუშიმას კატასტროფები.

რა არის ახლა შეშფოთების მიზეზი?

უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ატომურ ენერგიაზე. ატომური რეაქტორები ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფენ. 

უკრაინაში ასევე არის ყოფილი ჩერნობილის ატომური ქარხანა, სადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ჯერ კიდევ ჟონავს. ის რუსულმა ძალებმა დაიკავეს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩერნობილის რეაქტორის თანამშრომლები როტაციის გარეშე მუშაობენ და დაღლილები არიან.

შაბათ-კვირას ბრძოლების დროს რუსული რაკეტები ასევე მოხვდა რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ობიექტს კიევში და მსგავს ობიექტს ხარკოვში. ორივე შეიცავდა დაბალი დონის ნარჩენებს, როგორიცაა სამედიცინო გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და რადიოაქტიური გამოყოფა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ინციდენტები გაფრთხილებად უნდა იქცეს. 

ჯეიმს აკტონმა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანადირექტორმა განაცხადა, რომ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მარტივი გზა მათ ირგვლივ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ დასრულებაა. 

მიცურუ ფუკუდამ, ტოკიოს ნიჰონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხოების ექსპერტმა თქვა, რომ ზაპორიჟიეს სადგურზე თავდასხმა ყველა ქვეყნისთვის დიდ კითხვებს აჩენს.

“ბევრი ჩვენგანი არ ელოდა, რომ სამხედროები ასეთ აღმაშფოთებელ ნაბიჯს გადადგამდნენ. ახლა, როცა პუტინმა ეს გააკეთა, არამარტო უკრაინამ, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის იაპონიამ, უნდა გადახედოს ატომური სადგურების ომის დროს პოტენციურ სამიზნედ გამოყენების რისკს”,- განაცხადა ფუკუდამ.