LIVE

სილაგავა: ახლო მომავალში საქართველოში პური არ გაძვირდება

03 მარ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
სილაგავა: ახლო მომავალში საქართველოში პური არ გაძვირდება

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ახლო მომავალში საქართველოში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ქვეყანას ხორბლისა და ფქვილის, დაახლოებით ერთი თვის მარაგები აქვს. 

„ახლო მომავალში პურის გაძვირებას არ ველოდებით. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვმსჯელობთ მოვლენების განვითარების ყველა სცენარზე, რამაც ფასისა და მიწოდების სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. იქნება ეს სუბსიდირება თუ გარკვეული საგადასახადო ცვლილებები, ამას ხორბლის მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს“,- აცხადებს სილაგავა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო 1 ტონა რუსული ხორბალი საქართველოს შესაძლოა დაახლოებით $40-ით გაუძვირდეს. ფასის ზრდის ძირითად მიზეზად სილაგავა სავალუტო ოპერაციებზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. ამ ეტაპზე ხორბლის ყიდვა რუსეთში, მხოლოდ რუბლით არის შესაძლებელი და ვალუტის კონვერტაცია იმპორტიორებს ხარჯს უზრდის.

დღეის მდგომარეობით, რუსული ხორბლის ფასი ტონაზე დაახლოებით $380-$400-ია. ფაქტობრივად, იგივე ფასი აქვს ყაზახურ ხორბალსაც. სილაგავას ინფორმაციით, უკრაინაში ომის გამო, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დაახლოებით 30%-იანი დანაკლისია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში (თურქეთის ტენდერი) ფასის $500-მდე ზრდა განაპირობა.

რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსხვილი ექსპორტიორები არიან. საქართველო ორივე ქვეყანაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხორბლის თუ ფქვილის იმპორტის თვალსაზრისით. საქართველო იმპორტირებული ხორბლის 99%-ს რუსეთში ყიდულობს, ხოლო ფქვილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 96%-ია.

„საქსტატის“ მონაცემებით, წელს, გასული წლის თებერვალთან შედარებით ხორბლის პურის ფასი საქართველოში 22.3%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 20.7%-ით არის გაზრდილი ფქვილის ფასიც.