LIVE

რუსეთმა უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვა შეზღუდა

01 მარ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1707
რუსეთმა უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვა შეზღუდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეიდან რუსეთის ყველა რეზიდენტს უცხოური ვალუტის საზღვარგარეთ გადარიცხვა აუკრძალა, მათ შორის უცხოური სესხის მომსახურებისთვის. პუტინის ეს ნაბიჯი პასუხია აშშ-ისა და ევროპის სანქციებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. 

პუტინის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, 1 მარტიდან აკრძალულ ტრანზაქციებს შორისაა:

  • სავალუტო ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში რეზიდენტების მიერ უცხოური ვალუტის გაცემასთან არარეზიდენტებისთვის;
  • აგრეთვე ფულადი გზავნილების განხორციელება საბანკო ანგარიშის გახსნის გარეშე, გადახდის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფილია უცხოური გადახდის სერვისების პროვაიდერების მიერ. 

Bloomberg News-ის თანახმად, ეს პოტენციურად ქვეყნის $478 მილიარდის საგარეო ვალის დიდ ნაწილს დეფოლტის რისკის წინაშე აყენებს.

Interfax-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაავალა დეპოზიტარებს, დროებით შეაჩერონ კუპონებისა და დივიდენდების გადახდები უცხოელებისთვის.

მოგვიანებით ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ აკრძალვა გულისხმობს მხოლოდ ახალ სესხებს და არა არსებული ვალის მომსახურებას.

რუსეთის საპასუხო ზომები ასევე მოიცავს შეზღუდვებს იმ კომპანიებზე, რომლებიც საკუთარი აქციების გამოსყიდვას ცდილობენ. შეზღუდვების სიაშია ზოგიერთი ტიპის გადარიცხვა უცხოურ ანგარიშებზეც.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მძიმე სანქციები დაუწესა რუსეთის უდიდეს ბანკებს, მათ შორის ცენტრალურ ბანკს. ქვეყნებმა ლიმიტები დაუწესეს რუს მილიარდერებსაც, მათ შორის თავად პუტინს. დასავლეთის ნაბიჯებმა რუბლის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და ცენტრალური ბანკი აიძულა სასწრაფო ნაბიჯები გადაედგა ბაზრის სტაბილიზაციისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია