LIVE

"თელავის ღვინის მარანი" უკრაინის მოვლენებზე - ექსპორტის პრობლემა შეგვექმნება

24 თებ 202214:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 880
"თელავის ღვინის მარანი" უკრაინის მოვლენებზე - ექსპორტის პრობლემა შეგვექმნება

"თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქართული ღვინის ექსპორტზე ნეგატიურად აისახება. 

მისი თქმით, რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით პრობლემები ჯერჯერობით არაა.

"ახლა უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი, რომელიც აღნიშნულ ქვეყანაში იგზავნება, შეიძლება ჩავარდეს. დიდი რისკია ყველა კომპანიისთვის, ვინც სავაჭრო ოპერაციას უკრაინაში ახორციელებს. რუსეთის შემთხვევაში, პრობლემა ჯერჯერობით არ დგას, თუმცა არის მოლოდინი, რომ აქაც სერიოზული გამოწვევები შეგვექმნება",- აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.  

ქართული ღვინის ექსპორტის რუსეთზე მაღალ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, საინტერესოა და მასზე უარის თქმა რთულია.

"ჩვენ დივერსიფიკაციას წლებია ვცდილობთ, თუმცა როგორც უახლოესი მეზობელი და პარტნიორი, ცნობადობის კუთხით, რუსეთი საინტერესო ქვეყანაა. ასევე უკრაინაც. შესაბამისად, ტკბილ ლუკმაზე უარის თქმა, არცერთ კომპანიას არ შეუძლია",- აცხადებს ზურაბ რამაზაშვილი.

ცნობისთვის, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის და საბრენდო სპირტის ძირითადი გასაღების ბაზარი, გასული წლის მსგავსად, კვლავ რუსეთია. ღვინის ექსპორტის 61% სწორედ რუსეთზე მოდის. იანვარში უკრაინაში ღვინის ექსპორტი 93%-ით, 574 566 ბოთლამდე იყო გაზრდილი.