LIVE

გერმანიაში გაზის მარაგი “საგანგაშო” დონემდე დაეცა

10 თებ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 818
გერმანიაში გაზის მარაგი “საგანგაშო” დონემდე დაეცა
AP Photo/Matthias Rietschel

გერმანიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსეთთან დაძაბულობისა და Nord Stream 2-ის დამტკიცების შეფერხების ფონზე, გაზის მარაგები “საგანგაშო” დონემდე დაეცა.

გაზის მარაგი 40%-დან 35-36%-მდე შემცირდა. 2020 წელს მარაგი 80%-მდე იყო. ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 40%-იანი მიწოდება მხოლოდ შვიდდღიანი პოლარული ტემპერატურისთვის არის საკმარისი. 

გერმანიის გაზის იმპორტის 55%-ზე მეტი რუსეთზე მოდის. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 15%-ით გაიზარდა. 

მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ ქვეყანას ზამთრისთვის საკმარისი გაზი არ აქვს, ამ დრომდე ოლაფ შოლცის მთავრობა ამტკიცებდა, რომ “მომარაგება უზრუნველყოფილია” და არ არსებობს დეფიციტის რისკი. 

ბერლინის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა DIW მთავრობა ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილა, რომ “თუ უკრაინაში კონფლიქტი გამწვავდება და რუსეთი ფაქტობრივად შეწყვეტს გერმანიისთვის გაზის მიწოდებას, ქვეყანა გაზის ახალი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. შედეგად, გაზის ფასი და მასთან ერთად მომხმარებლებისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის ხარჯები კვლავ გაიზრდება”.

ამჟამად რუსეთიდან ევროპას გაზის დიდი წილი უკრაინის გავლით მიეწოდება, რაც უზრუნველყოფს შემოსავლებს და გარკვეულ უსაფრთხოებას კიევისთვის, მაგრამ Nord Stream 2-ის მილსადენი მიზნად ისახავს გერმანიისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვით. კიევმა და ვაშინგტონმა გააკრიტიკეს მილსადენი, რომელიც, მათი თქმით, ასუსტებს უკრაინის უსაფრთხოებას. 

მილსადენის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ გერმანიის მარეგულირებელმა გადადო მისი სერტიფიცირება და განაცხადა, რომ “გაზსადენის ოპერატორის სერტიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერატორი წარმოდგენილი იქნება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისი იურიდიული ფორმით”.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, “მაშინ Nord Stream 2  აღარ იქნება”.

ევროზონაში ინფლაცია ბოლო თვეებში რეკორდულად მაღალ დონეზეა, რაც, ძირითადად,  ენერგიის ფასების ზრდამ განაპირობა. ევროსტატის მონაცემებით, ევროს მომხმარებელ 19 ქვეყანაში ენერგიის ფასები ბოლო 1 წლის განმავლობაში 28,6%-ით გაიზარდა.