LIVE

ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში Nord Stream 2 შეჩერდება

08 თებ 202213:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 987
ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში Nord Stream 2 შეჩერდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში Nord Stream 2-ის მილსადენი შეჩერდება.  

“ჩვენ მას დავასრულებთ”,- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შოლცი, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამდა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აუცილებლობას, უჩვეულოდ მკაცრი იყო და არ სცადა გაექარწყლებინა ბაიდენის დაპირება მილსადენის გაუქმების შესახებ. 

“ჩვენ ერთად ვმოქმედებთ, აბსოლუტურად ერთიანები ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს. ჩვენ ერთიან ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთისთვის და მათ ეს უნდა გაიგონ”,- განაცხადა შოლცმა.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა მზადაა გადაიხადოს “მაღალი ეკონომიკური ფასი”, რაც მოჰყვება გაზის მიწოდების შეწყვეტას. ანნალენა ბაერბოკი მწვანეთა წევრია და შოლცზე უფრო მკაფიოდ აცხადებს, რომ ნაბიჯები Nord Stream 2-ის მილსადენს მიემართება.

რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენი გერმანიას წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის და უკრაინას აუვლის გვერდს, რაც ქვეყნისთვის სატრანზიტო შემოსავლის დაკარგვას ნიშნავს. თავდაპირველი გეგმით, მილსადენი 2019 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ სანქციებმა და მარეგულირებელმა ბარიერებმა ექსპლუატაციაში შესვლას ხელი შეუშალა.

ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებული ევროპის მთავარი საზრუნავი გაზის შეწყვეტის შემთხვევაში მიწოდების უზრუნველყოფაა. ბაიდენი ცდილობს პრობლემის მოგვარებას და აცხადებს, რომ ეძებს ალტერნატიულ წყაროებს.

ბაიდენის კომენტარები წარმოადგენს აშშ-ის ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროპელი მოკავშირეებისთვის ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის ფონზე, რომელიც დღეს ბლოკის მოთხოვნის დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბირგიტ ჯენენი და ჯენი ლეონარდი