LIVE

ანტივაქსერების პროტესტმა ახალ ზელანდიაშიც იფეთქა

08 თებ 202216:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 788
ანტივაქსერების პროტესტმა ახალ ზელანდიაშიც იფეთქა
Marty Melville/AFP/Getty Images

კანადისა და ავსტრალიის შემდეგ, სატვირთო მანქანების კოლონამ ამჯერად უელინგტონში ახალი ზელანდიის პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა. მძღოლები აქაც Covid-19 შეზღუდვებს აპროტესტებენ. 

ახალი ზელანდიის დედაქალაქში სხვადასხვა მხრიდან 2000 მომიტინგე ჩავიდა და მანქანებით ჩაკეტილი მოძრაობის ფონზე, საპროტესტო გამოსვლა გამართა. მათი მთავარი მოთხოვნა ვაქცინაციის მოთხოვნის გაუქმებაა. 

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ. რამდენიმე მათგანს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი დროშები ეჭირა.  

ახალ ზელანდიაში ვაქცინაცია მოეთხოვება სხვადასხვა სექტორის თანამშრომლებს, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს, მასწავლებლებსა და პოლიციას. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი სავალდებულოა უმეტეს საზოგადოებრივ შენობებში.

12 წელზე უფროსი ასაკის ახალზელანდიელების 94%-ზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში ამჟამად მიმდინარეობს "ბუსტერ" დოზებით აცრა.

მომიტინგეებმა პროტესტის გამოსახატად პარლამენტის შეკრების დრო შეარჩიეს. ისევე, როგორც გუშინ ავსტრალიაში გამოსულმა დემონსტრანტებმა. 

თითქმის ორი კვირაა ანტივაქსერული დემონსტრაციები ტარდება კანადაშიც. ოტავაში მიმდინარე მოვლენების მხარდასაჭერად ახალ ზელანდიაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ასევე ჩანდა კანადის დროშები. 

ოტავას მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რათა პოლიციამ და მუნიციპალურმა სამსახურებმა ქალაქში წესრიგის დაცვა შეძლონ. ჯიმ უოტსონის განცხადებით, ქალაქში ასეთი სერიოზული საგანგებო სიტუაცია არასდროს ყოფილა.

კანადის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სატვირთო მანქანების პროტესტი, რომელმაც დედაქალაქ ოტავას პარალიზება მოახდინა, უნდა შეწყდეს. მისი თქმით, კანადელები "შოკირებული და გულწრფელად შეძრწუნებულები" არიან ზოგიერთი მომიტინგის საქციელით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბროკეტი