
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) აცხადებს, რომ Covax პლატფორმის მეშვეობით, მსოფლიოს 144 ქვეყანამ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა მიიღო.
ამ ნიშნულის მიღწევა ორგანიზაციას ბევრად ადრე სურდა. Covax-ის კამპანიის თავდაპირველი მიზანი ღარიბი ქვეყნებისთვის 2021 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი დოზის მიწოდება იყო, თუმცა სექტემბრისთვის Covax-მა მხოლოდ 243 მილიონი დოზის გაგზავნა შეძლო.
"144 ქვეყნისთვის ვაქცინების მიწოდებით, Covax-ი ლიდერობს ისტორიაში მათი შესყიდვისა და მიწოდების ოპერაციით. მაგრამ სამუშაო, რომელიც ამ ეტაპისთვის შესრულდა, მხოლოდ იმ სამუშაოს შეხსენებაა, რომელიც დარჩა", - ნათქვამია WHO-ს განცხადებაში.
194 წევრი ქვეყნიდან, 36 ქვეყანამ თავისი მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები აცრა, მაშინ, როდესაც უფრო მდიდარმა ქვეყნებმა მოქალაქეების მესამე ან მეოთხე დოზით აცრაც კი დაიწყეს.
"Covid-19-თან ბრძოლაში მსოფლიო კიდევ ერთ გზაჯვარედინზე დგას",- ამბობს GAVI-ის ხელმძღვანელი სეთ ბერკლი.
WHO-ს თანახმად, ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას აფერხებს მდიდარი ქვეყნების მიერ ვაქცინების მარაგის შენახვა და საზღვრების ჩაკეტვა. ორგანიზაციის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ ლიცენზიების, ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების სიმცირემ წარმოების პოტენციური შესაძლებლობები გამოუყენებელი დატოვა.
გასული წლის მარტში საქართველომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების პირველი პარტია - AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43,200 დოზა სწორედ Covax პლატფორმის მეშვეობით მიიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლონი პრინსლოო