LIVE

HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა

13 იან 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
HRW: საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

დოკუმენტის თანახმად, “2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე”.

ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და ლექსო ლაშქარავას საქმე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ინციდენტების დროს “პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა”, ხოლო ხელისუფლებას ძალადობის ორგანიზატორები არ დაუსჯია. 

ანგარიშში ასევე საუბარია ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნაზე, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაზე, არჩევნებზე, ევროკავშირის მხრიდან 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერებასა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე.

მსოფლიოში არსებული ტენდენციები

ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მთელ მსოფლიოში ავტოკრატი ლიდერებისა და სამხედრო რეჟიმების მიერ სამოქალაქო პროტესტების მიმართ მზარდი რეპრესიული და ძალადობრივი ქმედებები სასოწარკვეთისა და ძალაუფლების შესუსტების ნიშნებია.

2022 წლის გლობალურ ანგარიშში, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ავტოკრატიული ლიდერები 2021 წელს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც მილიონობით ადამიანმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა გამოსულიყო ქუჩებში რეჟიმის ძალაუფლების გამოსაწვევად და დემოკრატიის მოთხოვნით.

Human Rights Watch-მა ასევე თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოება და შექმნან ალიანსები კორუმპირებული, რეპრესიული მთავრობების ან ლიდერების ჩამოშორების მცდელობის მიზნით, ავტოკრატიული მმართველობის შესუსტების ნიშანია.

ანგარიშის თანახმად, დემოკრატია ვერ განვითარდება დემოკრატიული მისწრაფებების მქონე მთავრობების ძლიერი მმართველობის გარეშე, თუკი ისინი ფოკუსირებულნი არიან მოკლევადიან პოლიტიკურ მიღწევებზე და ვერ პასუხობენ უთანასწორობის, რასობრივი უსამართლობისა და სიღარიბის ყველაზე აქტუალურ საკითხებს.