LIVE

2050 წლისთვის დემენციით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება

07 იან 202214:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1273
2050 წლისთვის დემენციით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება

2050 წლისთვის დემენცია 153 მილიონი ადამიანის გონებას გაანადგურებს, დაახლოებით სამჯერ მეტს, ვიდრე 2019 წელს.  Lancet Public Health-ის ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიზი მსოფლიოს 195 ქვეყანას მოიცავს.

დაავადების გლობალური ტვირთის კვლევის თანახმად, შემეცნებითი დაავადებების შემთხვევების გასამმაგება, რომელიც ალცჰეიმერსაც მოიცავს, უკავშირდება რისკ-ფაქტორების ეროვნულ ტენდენციებს, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, დაბალი განათლება და თამბაქოს მოწევა.

“დემენციის თავიდან აცილება ან მისი პროგრესირების შეფერხება საოცარ დივიდენდებს გამოიღებს. იმისათვის, რომ მაქსიმალური გავლენა გვქონდეს, უნდა შევამციროთ თითოეულ ქვეყანაში წამყვანი რისკ-ფაქტორების ზემოქმედება”, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ემა ნიკოლსმა.

მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ცდილობენ შეიმუშაონ მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა დაძლიონ დემენციის რისკი, რომელიც სიკვდილის მეშვიდე წამყვანი მიზეზია. 

ალცჰეიმერის წამლებზე უამრავი კომპანია მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ შეზღუდული ეფექტურობა აჩვენეს დემენციის წინააღმდეგ ბრძოლაში. Biogen-ის Aduhelm-ი აქვს უნარი, ებრძოლოს დაავადებასთან დაკავშირებულ ცილებს თავის ტვინში, მაგრამ მისი გავლენა აზროვნებაზე ჯერ კიდევ არ არის ნათელი. იმავდროულად, სხვა კომპანიები, მათ შორის Eli Lilly და Roche Holding-ი მსგავს თერაპიებზე მუშაობენ. Biogen-ი ასევე ავითარებს ცილის გამწმენდ სხვა პრეპარატს.

კვლევის ავტორები დემენციით დაავადების ყველაზე დიდ ზრდას ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ სუბ-საჰარის აფრიკაში ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, კვლევამ აჩვენა დაბალი ზრდა აზია-წყნარი ოკეანისა და დასავლეთ ევროპის მდიდარ ქვეყნებში.

კვლევამ დაადგინა, რომ 2050 წლისთვის დემენციით უფრო მეტი ქალი დაავადდება, ვიდრე მამაკაცი, რასაც გენეტიკური რისკის ფაქტორების კომბინაციისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდია განაპირობებს. მიუხედავად ამისა, კვლევის მიერ პროგნოზირებული ტრაექტორიის შეცვლა შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია. 

“არსებობს მნიშვნელოვანი და გადაუდებელი აუცილებლობა, გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომა დემენციის მიმართ, რათა უკეთ მოხდეს მოსახლეობისა და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირება ამ საშინელი პროგნოზების გადავადების, ან თავიდან აცილების შესაბამისი საშუალებების შესახებ”, - წერენ კვლევის კომენტარში ბორდოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმები, მაიკლ შვარცინგერი და კაროლ დუფუილი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირინა ანგელი