LIVE

ლარის სესხების გაიაფება 2022 წლის მეორე ნახევრიდანაა მოსალოდნელი

27 დეკ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015

ეროვნული ბანკი მომავალ წელს რეფინანსირების განაკვეთის 2 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე შემცირებას ელის. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაძვირებული ლარის სესხები 2022 წლის მეორე ნახევრიდან გაიაფებას დაიწყებს. თუმცა ეროვნული ვალუტის რესურსი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ ძვირი დარჩება.

კერძოდ, სებ-ის საბაზო სცენარის გამართლების შემთხვევაში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება პირდაპირპროპორციულად აისახება უკვე გაცემულ ლარის იპოთეკურ სესხებზე და არსებულ მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდებათ.

მონეტარული პოლიტიკის შერბილება აისახება ახალ შეთავაზებებზეც და აღნიშნული სცენარის გამართლების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ლარის იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი არსებული 12.5%-დან დაახლოებით 10.5%-მდე შემცირდება. თუმცა ლარის რესურსი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით კვლავ ძვირი იქნება. მაგალითისთვის, 2019 წელს ლარის იპოთეკური სესხების საშუალო განაკვეთი 9%-ის ფარგლებში იყო.

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ბუნებრივია გამოიწვევს ლარის სესხების გაიაფებასაც, რადგან ლარის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი პირდაპირაა მიბმული მონეტარულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, აქაც უნდა ველოდოთ განაკვეთების შემცირებას, თუმცა სავარაუდოდ, არა ამავე მასშტაბით. თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუკი მომავალ წელს განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მაინც საკმაოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და არ ველით, რომ ლარის სესხების გაიაფების გამო საკრედიტო აქტივობა განსაკუთრებით გაიზრდება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ელის, რომ ინფლაცია მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას და მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, ეროვნული ბანკის პესიმისტური სცენარის მიხედვით, 2022 წელს რეფინანსირების განაკვეთი დღეს არსებულს 0.5%-ით გადააჭარბებს და 11% იქნება, ხოლო ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, განაკვეთი 8%-მდე შემცირდება.