LIVE

აფხაზეთში ოპოზიციამ ე.წ. პარლამენტის შენობასთან კორდონის გარღვევა სცადა

21 დეკ 202121:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1295
აფხაზეთში ოპოზიციამ ე.წ. პარლამენტის შენობასთან კორდონის გარღვევა სცადა
ekhokavkaza.com

ოპოზიციის აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს

გამოცემა Telegram-ის არხებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის ადგილზე სროლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, ჟურნალისტებმა განმარტეს, რომ ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღის აფეთქების ხმა, რომელიც მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს. Nuzhnaya Gazeta-ს ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა კვამლი გაუშვეს. 

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიცია, რომელმაც სოხუმის დრამატულ თეატრთან აქცია მოაწყო, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ოპოზიციამ მოლაპარაკებებს არაეფექტური უწოდა. 

ოპოზიცია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიასთან არაეფექტურ ბრძოლაში, ენერგოსისტემაში არსებულ მწვავე კრიზისში,  მართლმსაჯულების სფეროში ორმაგ სტანდარტებსა და სხვა საკითხებში ადანაშაულებს.

ენერგეტიკული კრიზისის გამო აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკი მოქმედებს. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ჭარბი მოხმარების გამო, არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში, ენგურჰესის გაჩერების საფრთხე არსებობდა, თუმცა „ბიზნეს ფორმულას“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო და შესაბამისად, ჭარბი მოხმარების გამო, ენგურჰესი აღარ გაჩერდება.