LIVE

ყველაფერი, რაც ომიკრონის შესახებ ვიცით

20 დეკ 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
ყველაფერი, რაც ომიკრონის შესახებ ვიცით

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ ორი შემთხვევა დადასტურდა. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ შტამის თავისებურებებს და ვაქცინების ეფექტიანობას ომიკრონის წინააღმდეგ. 

რამდენად საშიშია?

ყველა ვირუსი, მათ შორის SARS-CoV-2, რომელიც Covid-19 იწვევს, დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. ახალი მუტაციების უმეტესობა ვირუსის თვისებებზე გავლენას არ ახდენს, ან მათი გავლენა მცირეა. თუმცა შესაძლოა, ზოგიერთმა მუტაციამ ვირუსის თვისებებზე და მისი გავრცელების სისწრაფეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. 

ვირუსის მუტაციას გლობალურად "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აკვირდება და ვარიანტებს შესაბამის სტატუსს ანიჭებს. მიმდინარე წლის 29 ნოემბერს "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი Covid-19-ის ახალი ვარიანტი B.1.1.529 "საყურადღებო" ვარიანტების სიაში შეიყვანა და ბერძნული ანბანის ასო "ომიკრონი" უწოდა. 

ომიკრონი Covid-19-ის ამ დრომდე ცნობილი შტამებიდან ყველაზე მეტ, 30  მუტაციას შეიცავს და აქამდე აღმოჩენილ შტამებს შორის, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფად ვრცელდება. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) შეფასებით, შტამით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ 1,5-3 დღეში ორმაგდება.

სად არის ომიკრონი გავრცელებული?

ვარიანტი ომიკრონი აღმოჩენილია მსოფლიოს მინიმუმ 89 ქვეყანაში. ჯანმო მიიჩნევს, რომ მან უფრო მეტ ქვეყანაში შეაღწია, თუმცა გამოვლენილი არ არის. 

იწვევს თუ არა ომიკრონის უფრო მძიმე დაავადებას ან გარდაცვალებას?

ჯერჯერობით მტკიცებულებები ამაზე არ მიუთითებს, თუმცა საბოლოო დასკვნა ნაადრევია.

ამ ვარიანტის პირველი ძირითადი რეალური ანალიზი, რომელიც ამ თვეში გამოქვეყნდა, სამხრეთ აფრიკის მონაცემებს ეყრდნობა. კვლევის მიხედვით, დელტასთან შედარებით, სამხრეთ აფრიკაში ომიკრონით ინფიცირებულები 29%-ით ნაკლებად მიმართავდნენ საავადმყოფოებს. 

კვლევა ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ კოვიდ პაციენტთა უმეტესობას ჟანგბადის მიწოდება ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება არ სჭირდება. 

CDC-მ შეისწავლა ამ ვარიანტით ინფიცირებული 43 ადამიანი, რომელთაგან ერთი ჰოსპიტალიზებული იყო ორი დღის განმავლობაში და დაადგინა, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომები იყო ხველა, დაღლილობა, შეშუპება და სურდო. CDC-ის თანახმად, მონაწილეთა სამ მეოთხედზე მეტი იყო სრულად აცრილი და ამ ადამიანების ერთ მესამედს ასევე მიღებული ჰქონდა "ბუსტერ" დოზა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” (WHO) შეშფოთებულია, რომ ომიკრონის ვარიანტი მიიჩნევა უფრო მსუბუქ ვარიანტად, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე Covid-19-ის ნებისმიერი წინა შტამი.   

რამდენად ეფექტურია ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? 

ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ვარიანტის მუტაციებმა შეიძლება თავი აარიდონ დამცავ ანტისხეულებს, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინებით წარმოიქმნება. 

ადრეული ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ის შეიძლება გარკვეულწილად რეზისტენტული იყოს ვაქცინების მიმართ, თუმცა ვაქცინები ნაწილობრივ დაცვას მაინც ინარჩუნებენ. 

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო დაზღვევის უმსხვილესი პროვაიდერი Discovery Health-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით აცრა, ადამიანს ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს.  

კომპანიის დირექტორის, რაიან ნოჩის თქმით, დაცვა, რომელსაც ვაქცინაცია გვთავაზობს, ნარჩუნდება ასაკობრივ ჯგუფებში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. მისივე თქმით, Pfizer-ი ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ 33%-ით ეფექტურია. 

Pfizer-მა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა მტკიცედ იცავს ახალი ვარიანტისგან. ის უზრუნველყოფს დაცვის იმავე დონეს, რომელსაც კომპანიის თავდაპირველი ორდოზიანი რეჟიმი ორიგინალური შტამისგან გვთავაზობდა. თუმცა ეს დასკვნა  რეალურ სამყაროში უნდა დადასტურდეს. 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ ამ კვირაში განაცხადეს, რომ "ბუსტერ" დოზები სავარაუდოდ არ საჭიროებს ხელახლა ფორმულირებას.