LIVE

თურნავა: თუ ENKA არ დარჩება შესაძლოა, პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს

16 დეკ 202121:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1352
თურნავა: თუ ENKA არ დარჩება შესაძლოა, პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თურქულ კომპანია ENKA-სთან, რომელსაც "ნამახვანჰესი" უნდა აეშენებინა, საარბიტრაჟო დავა დაწყებული არაა.

მინისტრმა "ნამახვანჰესზე" საუბრისას აღნიშნა, რომ თუ კომპანია არ დარჩება, $800 მილიონიანი პროექტი შესაძლოა, სახელმწიფომ განახორციელოს. 

"მოლაპარაკების პროცესში ვართ. თუ მათი დაბრუნების პირობებზე ვერ შევთანხმდით, ვეცდებით, თუნდაც მათი პროექტიდან გასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს, და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს პროექტს დააკარგვინებს. დარწმუნებულები ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ და იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ პროექტი კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის.

თუ ENKA არ დარჩება, შესაძლოა, „ნამახვანჰესის“ პროექტი თავად სახელმწიფომ განახორციელოს. იმ კითხვების გათვალისწინებით, რაც პროექტის ირგვლივ ჩნდება, ეს ურიგო არ იქნება. შესაძლოა, სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორი მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, ამ პრობლემამ ძალიან ბევრი გვასწავლა. დავინახეთ, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს მთავრობის მხრიდან განსხვავებული მიდგომა და მეტი მუშაობა სჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდება და ეს მოხდება სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, სექტემბერში, თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან "ნამახვანჰესის" მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა.