LIVE

საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ხვალიდან ამოქმედდება - რა იცვლება

30 ნოე 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2159
საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ხვალიდან ამოქმედდება - რა იცვლება

ხვალიდან, ანუ 1-ლი დეკემბრიდან გარკვეულ ობიექტებში შესვლას მხოლოდ ე.წ. "მწვანე პასპორტით" შეძლებთ. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ვის აქვს მწვანე სტატუსი?

პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

სად ვერ შეხვალთ "მწვანე პასპორტის" გარეშე:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არ შეეხებათ თანამშრომლებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

როგორ ხდება მოქალაქის მწვანე სტატუსის დადასტურება?

აპლიკაცია Georgia e-Health და COVID-19 ბარათი საქართველოში მუშაობს როგორც „მწვანე პასპორტი“. მწვანე სტატუსის დადასტურება შესაძლებელია აპლიკაციის მეშვეობით, რომელზეც მოქალაქის QR კოდები აისახება. 

შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს (როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს). მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, კი შეეძლება დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას. CovidPass Georgia აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია App store-დან და Google Play-დან.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში. ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ Georgia e-Health აპლიკაცია და გაიარონ რეგისტრაცია.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან. მოქალაქეებს, რომლებმაც 17 ნოემბრამდე აიღეს კოვიდ-ბარათი, მათი განახლება დასჭირდებათ და ახალი QR კოდი მიენიჭებათ, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება ევროპული კოვიდ-სერტიფიკატი.

როგორ მოხდება მონიტორინგი?

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს შრომის ინსპექციის, შსს-სა და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10 000 ლარს, ინდივიდუალური მეწარმისთვის - 2 000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა.