LIVE

უვადო “მწვანე პასპორტები” სასამართლოში გასაჩივრდა

30 ნოე 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1245
უვადო “მწვანე პასპორტები” სასამართლოში გასაჩივრდა

ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო “მწვანე სტატუსის” მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა.

ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოში სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანეს და ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის „მწვანე სტატუსის“ უვადოდ მინიჭების უსაფრთხოების თაობაზე.

ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ეს მეხუთე სარჩელია, რომელიც პანდემიის დროს ადამიანის უფლებებს უკავშირდება.

„ვითხოვთ, რომ სახელმწიფო როდესაც იღებს გადაწყვეტილებებს „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით, ეს მკაცრად შეესაბამებოდეს სამეცნიერო კვლევებს. სამედიცინო დარგის ყველა ექსპერტი გვეუბნება, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ კვლევებს არ შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე მეცნიერებაზე დაფუძნებული. სწორედ ამას ვასაჩივრებთ. ჩვენთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ საკოორდინაციო საბჭოში უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება. თუ უმრავლესობაში უმეტესობა არის, არა ექიმი, არა მეცნიერი, არამედ სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი, მათ არ შეიძლება, რომ სათანადო ცოდნა ჰქონდეთ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. გვინდა, მთავრობამ ან წარმოადგინოს სამედიცინო მტკიცებულება, რომ უვადო „მწვანე პასპორტი“ მეცნიერულ კვლევებს ეფუძნება, ან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მეცნიერულად დგინდება“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა. 

ცნობისთვის, ხვალიდან, ანუ 1-ლი დეკემბრიდან გარკვეულ ობიექტებში შესვლას მხოლოდ ე.წ. "მწვანე პასპორტით" შეძლებთ.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია, რაც ნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.