LIVE

ბელარუსმა შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

11 ნოე 202113:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
ბელარუსმა შესაძლოა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს

ბელორუსმა შესაძლოა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ინფორმაციას თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული დონის როსტოვში, ადიკ არშბა Telegram-ის არხზე ავრცელებს.

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადების პროექტი წარდგენილია ბელარუსის პარლამენტში“,- დაწერა კონსულმა. დიპლომატის თქმით, ეს მოვლენა არის “აბსოლუტურად ლოგიკური, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სასარგებლო და მნიშვნელოვანი”.

არშბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი კანონპროექტის არსებობაზე გავლენა იქონია ბელარუს კოლეგებთან საკონსულოს ხანგრძლივმა მუშაობამ.

2020 წლის 7 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემთხვევაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანა მას სანქციებით დაემუქრა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში, მის გადაწყვეტილებას „დსთ"-ის წევრი სხვა ქვეყნებიც მიბაძავდნენ.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა. 

ბელარუსი სანქციების შიშით თავს არიდებდა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებისგან, თუმცა, 2020 წლის გაყალბებული არჩევნებისა და პოლიტიკური ოპოზიციის პროტესტის ჩახშობის შემდეგ, დასავლეთმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა. ამჟამად დამატებით სანქციებზე მუშაობს ევროკავშირი ბლოკის საზღვრებთან ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო.