LIVE

Telegraph: Covid-19 უჰანში ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში ვრცელდებოდა

05 ოქტ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
Telegraph: Covid-19 უჰანში ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში ვრცელდებოდა

Telegraph-ი წერს, რომ შესაძლოა COVID-19 უჰანში ვირუსულად 2019 წლის ზაფხულში, მის ოფიციალურ დადასტურებამდე რამდენიმე თვით ადრე ვრცელდებოდა.

გამოცემა ეყრდნობა Internet 2.0-ის კვლევას, სადაც ჩანს, რომ 2019 წლის ზაფხულში ლაბორატორიების მიერ PCR აღჭურვილობის შესაძენად გაწეული ხარჯები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, $6.9 მილიონიდან $13.4 მილიონამდე გაიზარდა.

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ გაანალიზებული მონაცემების თანახმად, ვირუსი დიდი ალბათობით ვრცელდებოდა უჰანში, ჩინეთში, მინიმუმ 2019 წლის ზაფხულში და ყველა შემთხვევაში შემოდგომამდე”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიამ გაავრცელა.

კვლევის მონაცემები და დასკვნები შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს გადაეცა.

Covid-19-ის წარმომავლობის დადგენას მეცნიერები ამ დრომდე ცდილობენ. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) აგრძელებს Covid-19 ვირუსის წარმოშობის შესახებ შეჩერებულ გამოძიებას, რადგან სააგენტოს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, წყაროს მიგნება შეუძლებელი გახდება, რადგან ვირუსით ინფიცირებულ პირებში გამომუშავებული ანტისხეულების ოდენობა ჩამოდის ნიშნულზე, რომლითაც მისი აღმოჩენა შეუძლებელი გახდება. 

Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მაისში სადაზვერვო სააგენტოებს საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა. სააგენტოებმა Covid-19-ს წარმომავლობის განსაზღვრა ვერ შეძლეს და საბოლოოდ მხოლოდ ის დაადგინეს, რომ Covid-19 არ იყო შემუშავებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი. 

დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აზრი ისევ ორად გაიყო და Covid-19-ის ბუნებრივი გზით გავრცელებასთან ერთად, ძალაში დარჩა მისი ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია.