LIVE

WHO კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ახალი ჯგუფით შეეცდება

27 სექ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
WHO კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ახალი ჯგუფით შეეცდება

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) აგრძელებს Covid-19 ვირუსის წარმოშობის შესახებ შეჩერებულ გამოძიებას, რადგან სააგენტოს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, წყაროს მიგნება შეუძლებელი გახდება, რადგან ვირუსით ინფიცირებულ პირებში გამომუშავებული ანტისხეულების ოდენობა ჩამოდის ნიშნულზე, რომლითაც მისი აღმოჩენა შეუძლებელი გახდება. 

ახალი გუნდი 20-მდე მეცნიერისგან შედგება. მათ შორის არიან ლაბორატორიული უსაფრთხოებისა და ბიოუსაფრთხოების სპეციალისტები, გენეტიკოსები და ცხოველთა დაავადებების ექსპერტები.

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციას გამოძიების განახლებისკენ აშშ და მისი მოკავშირეები მოუწოდებდნენ. ჩინეთი, რომელიც ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს, ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ახალი გამოძიების ინტერესი სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ უნდა იყოს. 

ჯანმომ ჩინეთში ვირუსის წარმოშობის შესწავლა ჩინეთის მიერ შექმნილი დაბრკოლებების პირობებში, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. მეცნიერები საბოლოო ანგარიშში აღნიშნავენ, რომ მისიის მიმდინარეობის დროს, ჩინელი მეცნიერების მიერ მიწოდებული მონაცემები საკვანძო კითხვებზე პასუხის გასაცემად, მათ შორის, როდის, სად და როგორ დაიწყო ვირუსის გავრცელება, საკმარისი არ იყო. 

Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის მაისში სადაზვერვო სააგენტოებს საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა. სააგენტოებმა Covid-19-ს წარმომავლობის განსაზღვრა ვერ შეძლეს და საბოლოოდ მხოლოდ ის დაადგინეს, რომ Covid-19 არ იყო შემუშავებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი. 

დაზვერვის ანგარიშის თანახმად, აზრი ისევ ორად გაიყო და Covid-19-ის ბუნებრივი გზით გავრცელებასთან ერთად, ძალაში დარჩა მისი ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია.