LIVE

რატომ შეიძლება იქცეს სააკაშვილის დაკავება დიდ კრიზისად საქართველოსთვის - მოსაზრება

04 ოქტ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1220
რატომ შეიძლება იქცეს სააკაშვილის დაკავება დიდ კრიზისად საქართველოსთვის - მოსაზრება

The Washington Post საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

კარლ ბილდტი აღნიშნავს, რომ “არჩევნები კრიტიკულ მომენტში ტარდება: დემოკრატიული ინსტიტუტები მძიმე სტრესის ქვეშ არიან და თუ ეს არ იყო საკმარისი, კრიზისი ახლა გაჩნდება. პარასკევს, ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა”.

ბილდტის მოსაზრებით, “სააკაშვილი თანამემამულეებში ძლიერ ემოციებს იწვევს. ის ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და დაამარცხა კორუმპირებული და სტაგნაციაში მყოფი წინამორბედი რეჟიმი. ის და რეფორმატორების ჯგუფი შეუდგნენ ქვეყნის მოდერნიზაციის დაჩქარებას. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი, რომელმაც განათლება მიიღო შეერთებულ შტატებში, აღმოჩნდა უკიდურესად პოლარიზებული ფიგურა, კრიტიკისა და წინააღმდეგობის მიმართ შემწყნარებლობის მცირე უნარით”.

The Washington Post-ის სტატიის თანახმად, "საქართველოს პროგრესი შეჩერდა 2008 წელს რუსეთის შემოჭრით. ცამეტი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ იკავებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს, მაგრამ ომმა ვერ გაანადგურა ქართული დემოკრატია. სააკაშვილმა დატოვა თანამდებობა და უზრუნველყო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა". 

კარლ ბილდტი მიიჩნევს, რომ “ივანიშვილის ხელისუფლება მალე სხვა არაფერი გახდა, თუ არა სააკაშვილის საწინააღმდეგო რეჟიმი და ახალმა ლიდერებმა დაიწყეს შურისძიება ყოფილ რეფორმატორებზე. იმავდროულად, პოლიტიკური დაყოფა საქართველოში სტაბილურად ღრმავდება. პოლარიზაციამ საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ მის წინსვლას დემოკრატიისკენ, არამედ მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებსაც. რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და მართლმადიდებლური ეკლესია გახდა ქართული საზოგადოების უაღრესად რეაქციული ელემენტი”.

ბილდტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის “წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მეტწილად პოლიტიკურად მოტივირებულია, თუნდაც საფუძვლიანი იყოს. ახლა საქართველოს მთავრობის ამოცანაა, აჩვენოს, რომ მას შეუძლია კანონის უზენაესობის დაცვა”.

“ევროკავშირმა, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, უნდა გააგრძელოს არა მხოლოდ მედიაციის მცდელობა, არამედ ნათლად ჩამოაყალიბოს ის გზავნილები, რომლებსაც თბილისს უგზავნის. საქართველოს წინ ბევრი სამუშაო აქვს, თუ მას სურს ევროკავშირის სრული პოტენციალის რეალიზება, მისი წევრობა და შემდგომი ინტეგრაცია NATO-ში”,- აღნიშნულია სტატიაში.

კარლ ბილდტი ხაზს უსვამს, რომ “ბრიუსელმა და ვაშინგტონმა უნდა განმარტოს, რომ ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემით, შურისძიების პოლიტიკისა და პოლარიზაციისგან უარის თქმით. არჩევანი თბილისზეა. ქვეყნის მომავალი წონასწორობაშია”.