LIVE

2022 წელს საქართველოს მთავრობა 4.4 მილიარდ ლარს ისესხებს

02 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1609
2022 წელს საქართველოს მთავრობა 4.4 მილიარდ ლარს ისესხებს

მომდევნო წელს მთავრობა საშინაო და საგარეო ვალის სახით ჯამში 4.4 მილიარდ ლარს ისესხებს. ეს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ ვალის შემცირების მოტივით უარი თქვა ევროკავშირის €75-მილიონიან დახმარებაზე.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობის საგარეო ვალი 3.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისებას 1.9 მილიარდი ლარის ოდენობით. ასევე, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით 1.2 მილიარდი ლარის მობილიზებას. ამავდროულად, ბიუჯეტი 1.2 მილიარდი ლარის ვალის დაფარვას ითვალისწინებს. მომდევნო წელს მთავრობის საშინაო ვალი 1.3 მილიარდი ლარით გაიზრდება.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წლის ბოლოს საქართველოს მთავრობას 33.7 მილიარდი ლარის ვალი ექნება, საიდანაც 26.6 მილიარდი ლარი საგარეო, ხოლო 7.1 მილიარდი ლარი საშინაო ვალია. შესაბამისად, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 52.1% იქნება.

საქართველოს 2022 წლის ბიუჯეტი 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 მილიარდ ლარზე მეტად ჩამორჩება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და 18.6 მილიარდ ლარს უტოლდება. მომდევნო წლის ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დაიგეგმა.