LIVE

CDC: "ბუსტერი" უმეტესად მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს

29 სექ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1078
CDC: "ბუსტერი" უმეტესად მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს
Dwayne Senior/Bloomberg

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) აცხადებს, რომ Covid-19 ვაქცინის "ბუსტერის" მიღების შემდეგ ადამიანებს უმეტესად მსუბუქიდან ზომიერამდე რეაქცია განუვითარდათ.  

ფედერალური მონიტორინგის სისტემაში "ბუსტერის" დაახლოებით 22 191 მიმღები დარეგისტრირდა. საერთო ჯამში, 71% ინექციის ადგილზე ტკივილს გრძნობდა, 56%-მა მიუთითა დაღლილობაზე, ხოლო 43%-მა აღნიშნა, რომ მე-3 დოზის შემდეგ თავი სტკიოდათ. მონაცემები აღრიცხულია ვაქცინაციიდან 7 დღის განმავლობაში. 

მათ შორის, ვისი რეაქციაც მონიტორინგის სისტემაში დაფიქსირდა, დაახლოებით 1.8% აღნიშნავს, რომ მათ სამედიცინო დახმარება მოითხოვეს, 13 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. სამედიცინო დახმარების ტიპი მონაცემებში მითითებული არ არის.

"ბუსტერის" მიღების შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების სიხშირე და ტიპი მე-2 დოზით აცრის შემთხვევაში განვითარებული მოვლენების მსგავსია და ზოგადად ხასიათდება როგორც მსუბუქი ან ზომიერი",- თქვა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ბრიფინგზე.

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა" გარკვეულ ჯგუფებში Covid-19-ის ვაქცინის "ბუსტერ" დოზის გამოყენებას მხარი გასულ კვირას დაუჭირა.  

ასეთ ჯგუფებად განისაზღვრა 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები, პირები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე 50-64 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და 18-64 წლის პირები, ვისაც სამუშაოს თავისებურების გამო, ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. მათ დამატებითი დოზის გაკეთება მე-2 დოზით აცრიდან ექვსთვიანი ინტერვალით შეუძლიათ. "ბუსტერად" გამოყენებული იქნება Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა. 

დელტა შტამის გავრცელების გამო, "ბუსტერ" დოზის გამოყენება უკვე არაერთმა ქვეყანამ დაიწყო. სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კოვიდთან დაკავშირებული მძიმე ავადმყოფობის რისკს დრამატულად ამცირებს.

საქართველოში მე-3, ე.წ. "ბუსტერ" დოზის გამოყენება ჯერჯერობით დაშვებული არ არის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანუშრი დეივი