LIVE

რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში თითქმის 60%-ია - Galt & Taggart

13 სექ 202110:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1453
რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში თითქმის 60%-ია - Galt & Taggart

ბოლო წლებში ღვინის ექსპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის თითქმის 60% ისევ რუსეთზე მოდის. ამის შესახებ ნათქვამია "გალტ ენდ ტაგარტის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორს ეხება.

კვლევის თანახმად, ახალი საექსპორტო ბაზრების (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, პოლონეთი და ბალტიისპირეთი) წილი ჯამურ ექსპორტში 2013 წელს არსებული 10.9%-დან 21.5%-მდე გაიზარდა 2021 წლის პირველ ნახევარში, თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ ჯამური ექსპორტის 58.1% უჭირავს 2017-2020 წლების მონაცემებში.

კვლევის თანახმად, ეს დიდწილად გამოწვეულია რუსეთში ქართული ღვინის პოპულარობით (რაც დამატებით მარკეტინგული ხარჯების საჭიროებას აღარ ქმნის) და რუსეთთან განვითარებული სავაჭრო კავშირებით.

"თუმცა, 2006 წლის რუსეთის ემბარგოს მტკივნეული შედეგებისა და ამ ბაზრის ზოგადი არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით, ჩვენი აზრით, ექსპორტის დივერსიფიკაცია ქართული ღვინის კომპანიებისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში",- წერია კვლევაში.

"გალტ ენდ ტაგარტის" განცხადებით, ახალ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან უფრო ამბიციური და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა.

კვლევის მიხედვით, ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოდან იმპორტირებული ღვინის წილი ჯამურ იმპორტში ჯერ კიდევ 1%-ზე ნაკლებია (გარდა პოლონეთისა, სადაც საქართველოს წილი 3%-ია). მარკეტინგთან და ღვინის საცალო ქსელებში განთავსებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯები, ასევე წარუმატებლობისა და ინვესტიციების დაკარგვის შიში დასახელდა ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებებად ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ტოპ კომპანიების მიერ.

ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ დაანონსებული მარკეტინგული კამპანიების სუბსიდირების პროგრამა ამ დაბრკოლებებს ნაწილობრივ აღმოფხვრის.

"ჩვენი მოლოდინი ექსპორტთან დაკავშირებით პოზიტიურია, რადგან კომპანიების მიერ ვენახებში ინვესტიციების ზრდა, მთავრობის მიერ სექტორის მხარდაჭერა, საექსპორტო ბაზრებზე არსებული ჯანსაღი მოთხოვნა, ასევე, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები იძლევა ექსპორტის შემდგომი ზრდის შესაძლებლობას",- აღნიშნულია კვლევაში.

ამას გარდა, "გალტ ენდ ტაგარტის" საექსპორტო ბაზრებზე ექსპორტის ზრდის პარალელურად, ღვინის საშუალო საექსპორტო ფასის ზრდას ელოდება საშუალოვადიან პერიოდში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ისინი 2025 წლისთვის ღვინის ექსპორტის თითქმის გაორმაგებას პროგნოზირებენ, 350 მლნ აშშ დოლარამდე. 

ორგანიზაციის განცხადებითვე, ამერიკელი და ბრიტანელი მომხმარებლის დაინტერესება უნდა მოხდეს უნიკალური და პრემიუმ ქართული ღვინით, ჩინელი მომხმარებლისთვის მიზანშეწონილია უფრო მასობრივი წარმოების ქართული ღვინის შეთავაზება, ხოლო გერმანელი მომხმარებლისთვის როგორც მასობრივი წარმოების, ისე პრემიუმ ქართული ღვინის.

პანდემიის მიუხედავად, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები 2020 წელს მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო. 2020 წელს ღვინის ექსპორტი 5.6%-ით შემცირდა 210 მლნ აშშ დოლარამდე. ეს შემცირება გაცილებით დაბალია 2015 წლის კრიზისთან შედარებით, როდესაც ექსპორტი თითქმის განახევრდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ ნახევარში ღვინის ექსპორტის ზრდა დაჩქარდა და პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა.