LIVE

ისრაელის მაგალითი გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს

12 სექ 202119:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 1040
ისრაელის მაგალითი გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს
Kobi Wolf/Bloomberg

ისრაელი, რომელიც ერთ დროს Covid-19-თან ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე იყო და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აცრა ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა, ახლა ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხელი წერტილია. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ კვირას ერთ სულ მოსახლეზე ყოველკვირეული შემთხვევების მაჩვენებლით ისრაელი სიის სათავეში მოექცა. 

9-მილიონიანი ერი გახდა საზოგადოებისა და ეკონომიკის ხელახალი გახსნის მაგალითი აპრილში, როდესაც ევროპისა და შეერთებული შტატების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. თუმცა, ისრაელი ახლა აჩვენებს, თუ როგორ იცვლება კალკულაცია იმ ადგილებში, სადაც პროგრესი ყველაზე სწრაფი იყო. ეს უკვე ეხება არა მხოლოდ იმას, ავადდებიან თუ არა ადამიანები კორონავირუსით, არამედ იმასაც, რამდენად ცუდად გადააქვთ იგი და როგორ მუშაობენ ვაქცინები უაღრესად ინფექციური დელტა შტამის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის იმუნიტეტს.  

მას შემდეგ, რაც კვლევებმა აჩვენა ვაქცინის დროთა განმავლობაში შემცირებული ეფექტურობა, ისრაელში დაიწყეს ბავშვების ორი დოზით აცრა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის "ბუსტერის" გამოყენება. ყოველდღიურად დაახლოებით 100,000 ვაქცინაცია ტარდება, მათი უმრავლესობა უკვე მესამე დოზით იცრება.

"თუ თქვენ გინდათ შეძლოთ, შეინარჩუნოთ სიცოცხლე ლოკდაუნის გარეშე, თავიდან აიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი, მაშინ ასე გამოიყურება ცხოვრება კოვიდთან ერთად",- ამბობს შებას სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, ეიალ ლეშემი. 

აპრილიდან ისრაელმა Bloomberg-ის სრულად ვაქცინირებულ ქვეყანათა სიაში პირველიდან 33-ე ადგილამდე ჩამოინაცვლა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 61% აიცრა ორი დოზით, რაც წლის დასაწყისში ჩამორჩენილი ევროპული ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთისა და ესპანეთის მაჩვენებელზე დაბალია. 

ისრაელში შემთხვევების ზრდა ზაფხულში დელტა შტამის გავრცელების შემდეგ დაფიქსირდა და 2 სექტემბერს მაქსიმალურ მაჩვენებელს - ყოველდღიურად 11,316 შემთხვევას მიაღწია. თუმცა შემთხვევების მიუხედავად, იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სერიოზულად დაავადდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, წინა ტალღასთან შედარებით, ნაკლები იყო. მათმა რიცხვმა აგვისტოს ბოლოს, პიკის დროს 751-ს მიაღწია, მაშინ როცა იანვრის შუა რიცხვებში 1 183 იყო. ახლა ეს ტენდენცია კლებადია. 

შემთხვევებმა იმატა არავაქცინირებულ პირებში, განსაკუთრებით ბავშვებში.

როგორც ითქვა, არავაქცინირებულ ადამიანებში 10-ჯერ მეტი სერიოზული შემთხვევაა, ვიდრე იმ პირებში, ვინც ვაქცინის ორი დოზა მიიღო, რაც აჩვენებს, რომ იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაშიც კი, ვაქცინა იცავს ორგანიზმს. 

ჯანდაცვის ოფიციალური პირებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, პანდემიის უახლესი თავი გულისხმობს კონცენტრირებას ხანდაზმული ადამიანების დაცვაზე. ამასობაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება ბავშვებში. ვაქცინაციის მნიშვნელობას აძლიერებს გასულ კვირას მილიონობით ბავშვის სკოლაში დაბრუნება და ამავე კვირაში ებრაული ახალი წელი. 

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ 30+ ასაკის ადამიანებში შემთხვევები უკვე მცირდება "ბუსტერის", ბარებსა და რესტორნებზე დაწესებული შეზღუდვების წყალობით, რომლებიც მომხმარებლებისგან სრულ ვაქცინაციას მოითხოვენ.

მთავრობის ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე რან ბალიცერის თქმით, ბოლო კვირებში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 12 წლამდე ასაკის ბავშვებშია. ასევე აღინიშნა ტესტირების რეკორდული დონე. 

"იმუნიტეტის დასუსტება რეალური გამოწვევაა, რომელთან გასამკლავებლად ყველა ქვეყანას სჭირდება საგანგებო სიტუაციის გეგმის მომზადება",- ამბობს ბალიცერი, რომელიც ასევე არის ისრაელის ჯანდაცვის ორგანიზაციის Clalit-ის მთავარი ინოვაციის ოფიცერი. მისი თქმით, ისრაელიდან მომდევნო კვირებში მიღებული მონაცემები მსოფლიოს საშუალებას მისცემს შეაფასოს გამაძლიერებელი პროგრამის ეფექტურობა. 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 6 სექტემბრის მონაცემებით, ისრაელში სულ მცირე 2.6 მილიონ ადამიანს - მოსახლეობის დაახლოებით 28%-ს აქვს გაკეთებული Pfizer-BioNTech ვაქცინის "ბუსტერი". ეს ეხება 60+ ადამიანების მინიმუმ 64%-ს. აღსანიშნავია, რომ "ბუსტერი" ასევე ხელმისაწვდომია 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვინც მინიმუმ ხუთი თვის ​წინ აიცრა

სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა გადამწყვეტია სკოლებში ბავშვების დაბრუნება. ამან შეიძლება შეცვალოს გავრცელების დინამიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რადგან ბავშვებს სახლებში კონტაქტი აქვთ სხვა ასაკის ადამიანებთან.  

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ცხელი წერტილების რუკაზე ისრაელიც ხვდება. მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი შვიდდღიანი ინფექციის მაჩვენებლები შოტლანდიაშია, სადაც მოსახლეობის 68% სრულად არის აცრილი. შემთხვევები გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა და ბავშვები არდადეგებიდან აგვისტოს შუა რიცხვებში სკოლებში დაბრუნდნენ. 

"თუ გადავხედავთ გასულ წელს, ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონდა დაცვა, გარდა სრული ლოკდაუნისა. ახლა გახსნილია განათლების სისტემა, სრულად მოქმედი კომერცია და მიუხედავად კვირაში 50 000-ზე მეტი შემთხვევისა, მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდა არ ფიქსირდება",- ამბობს ლეშემი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ავისი