LIVE

Google–მა Parler-ი Play Store-დან წაშალა

09 იან 202115:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
Google–მა Parler-ი Play Store-დან წაშალა
Gabby Jones/Bloomberg

Google–მა  Parler–ის აპლიკაცია Play Store-დან წაშალა. სავარაუდოდ, იგივეს აპირებს Apple–იც. Parler ერთ-ერთი იყო იმ არხებს შორის, რომლებსაც კაპიტოლიუმზე შეტევის ორგანიზატორები იყენებდნენ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ Parler-ის აპლიკაციის გამოყენებით, გრძელდება პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც ახალისებს აშშ-ში მიმდინარე ძალადობას. ვაცნობიერებთ, რომ შინაარსის პოლიტიკასთან დაკავშირებით შესაძლოა, იყოს გონივრული დებატი. აპლიკაციას შეიძლება გაუჭირდეს ყველა ძალადობრივი ჩანაწერის წაშლა, მაგრამ იმისათვის, რომ ის Google Play-ს მეშვეობით გავრცელდეს, მან შეუფერებელი შინაარსის მოდერაცია უნდა შეძლოს," წერს Google.

როგორც Google იუწყება, ის მოდერაციის გამკაცრებისკენ  Parler-ს თვეების განმავლობაში მოუწოდებდა. ამჟამად Play Store-ზე აპლიკაციის მოქმედება გაურკვეველი დროით, “მიმდინარე და გადაუდებელი საზოგადოებრივი საფრთხის არსებობამდე” შეაჩერა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტექნოგიგანტს, Apple-მა  Parler-ს მოდერაციის წესების გაუმჯობესებისთვის 24 საათი მისცა.

App Store-ის საკუთარ გვერდზე Parler საკუთარ აპლიკაციას აღწერს, როგორც "მიუკერძოებულ, თავისუფალი სიტყვის სოციალურ მედიას, რომელიც ორიენტებულია მომხმარებლის უფლებების დაცვაზე". აპლიკაციამ პოპულარობა იმ ექსტრემისტებში მოიპოვა, რომლებიც Facebook-მა და Twitter-მა ძალადობის ხელშეწყობის გამო დაბლოკა. Apptopia–ს მონაცემებით, Parler ბოლო 90 დღის განმავლობაში App Store–ის უფასო აპლიკაციებს შორის მე –18 ადგილზეა.

Google-ის შეზღუდვის შემდეგ, აპლიკაცია ხელმისაწვდომია იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ის უკვე ჩამოტვირთული აქვს. შეზღუდვა ასევე არ შეეხო Android-ს აპლიკაციების სხვა მარკეტებს.

Twitter-ის პოლიტიკის კრიტიკის დროს, ტრამპის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ისინი Twitter-დან Parler-ზე გადავიდოდნენ. შეგახსენებთ, რომ Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ შეაჩერა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გარმენი და ნიკო გრანტი