LIVE

ფერადი ხინკალი და პელმენი ბავშვებისთვის - „ყლაპ-ყლუპის" გეგმები

25 აგვ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 4290
ფერადი ხინკალი და პელმენი ბავშვებისთვის - „ყლაპ-ყლუპის" გეგმები

საბავშვო ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „ყლაპ-ყლუპი“ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მედეა ხიდიშელმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ახლო მომავალში კომპანია ფილიალს ქუთაისშიც გახსნის.

„რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე ვართ და მოთხოვნამ ჩვენ პროდუქციაზე მოლოდინს გადააჭარბა. გვაქვს თანამშრომლობის შემოთავაზებები სხვადასხვა ქსელური მაღაზიებიდან. უკვე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ფილიალი გავხსნათ ქუთაისშიც, გვაქვს გეგმები ბათუმთან დაკავშირებითაც. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოპულარობა ხარისხმა განაპირობა. ყველა ხორცპროდუქტი უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული ხორცისგან მზადდება. ასევეა ყველის და ბოსტნეულის შემთხვევაშიც, რომლისგანაც წვენებს ვამზადებთ და ცომში ვიყენებთ“,- აცხადებს ხიდიშელი.

მისი თქმით, კომპანიის გახსნა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში მოხერხდა და დანადგარების შესაძენად 40 ათასი ლარი დაიხარჯა. კომპანია მომხმარებელს 20-დან 25-მდე სახის პროდუქციას (ხინკალი, პელმენი, ბოსტნეულისა და ხილის წვენები) სთავაზობს. ხიდაშელის თქმით, დაგეგმილია რესტორნის გახსნაც.