LIVE

Apple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება იანვრამდე გადადო

20 აგვ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1187
Apple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება იანვრამდე გადადო
Sam Hall/Bloomberg

აშშ-ში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების გამო, Apple თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას არ ჩქარობს.   

კომპანიის მიერ დასაქმებულებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ოქტომბერში ოფისებში სამდღიანი სამუშაო გრაფიკით აღარ დაბრუნდებიან და მინიმუმ იანვრამდე დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ. ზუსტი თარიღის შესახებ Apple მათ წერილობით ერთი თვით ადრე შეატყობინებს.  

კომპანია თანამშრომლებისგან ვაქცინაციას ან ტესტირებას ჯერჯერობით არ მოითხოვს, თუმცა ვაქცინაციისკენ მკაცრად მოუწოდებს და ტესტირების პროგრამას აძლიერებს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ Apple ამჟამად ოფისები ან საცალო მაღაზიების დახურვას არ განიხილავს. 

გუშინ კომპანიამ დახურა საცალო მაღაზია სამხრეთ კაროლინაში, სადაც 20-ზე მეტ თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა ან ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა. კომპანიამ ასევე შეამცირა სამუშაო საათები ზოგიერთ მაღაზიაში, რადგან თანამშრომლების ნაწილი, ვირუსის გამო, სამსახურში ვერ ცხადდებოდა.

Apple–მა ცოტა ხნის წინ აამუშავა ახალი პროგრამა, რომლითაც კომპანიის თანამშრომლები მომხმარებლებს კონსულტაციებს ონლაინ გაუწევენ, თუმცა ფიზიკური მაღაზიები კომპანიისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებენ უახლოეს თვეებში, რადგანაც Apple იწყებს ახალი iPad–ების, iPhone–ების, Apple Watch–ების, AirPod–ებისა და Mac–ების გამოშვებას.

Apple ერთ-ერთი პირველი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება ჯერ კიდევ ივლისში გადადო. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, უმსხვილესი ამერიკული კორპორაციები თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას აყოვნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა ამჟამინდელი მაჩვენებელი პიკის პერიოდის მეოთხედს შეადგენს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი