LIVE

სინგაპური მოსახლეობის 70%-ის სრულად აცრის შემდეგ შეზღუდვებს ამსუბუქებს

10 აგვ 202119:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1396
სინგაპური მოსახლეობის 70%-ის სრულად აცრის შემდეგ შეზღუდვებს ამსუბუქებს
Bloomberg

სინგაპურის მოსახლეობის 70% Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია, 79%-ს კი მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.

ამ მონაცემებით ქალაქ-სახელმწიფოს მსოფლიოში ვაქცინაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, რის გამოც სინგაპური დღეიდან სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნას აუქმებს და ეკონომიკის გადატვირთვის პროცესს იწყებს. ახალი წესებით, დასაშვებია ვაქცინირებული ხუთკაციანი ჯგუფის რესტორანში სადილობა. ვარაუდობენ, რომ მომავალი კვირიდან სახლიდან მუშაობის ვალდებულება გაუქმდება. 

აუცრელ მოქალაქეებს და რეზიდენტებს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გასაკეთებლად ვიზიტის დაჯავშნა აღარ დასჭირდებათ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიაკითხონ 20-ზე მეტ კლინიკას, რომელიც მოქალაქეებს აცრას სთავაზობს. მიმდინარე თვის დასაწყისიდან ასეთ ცენტრებში მისულებს  Moderna-ს ვაქცინის გაკეთებაც შეუძლიათ. 

სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამას წარმატებით უძღვება. 

“ვაქცინაცია Covid-19-თან ბრძოლაში მთავარ იარაღად რჩება. მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც აცრა ნებადართულია, გაიკეთოს ვაქცინა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ქვეყნის მთავრობა უახლოეს მომავალში მოკლევადიანი ვიზის მქონე პირების აცრასაც გეგმავს. სინგაპურში ვირუსის გავრცელება სწორედ მოკლევადიანი ვიზის მფლობელიდან დაიწყო.

ქვეყანას სურს, რომ სექტემბრის დასაწყისისთვის მოსახლეობის 80% აცრილი იყოს, რათა უმკაცრესი შეზღუდვების შემსუბუქება შეძლოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩესტერ იუნგი