LIVE

2020 წელს მოკლევადიანი უმუშევრობა 67%-მდე გაიზარდა - PMCG

27 ივლ 202119:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
2020 წელს მოკლევადიანი უმუშევრობა 67%-მდე გაიზარდა - PMCG

2020 წელს მოკლევადიანი უმუშევრობა (ერთ წელზე ნაკლები) მკვეთრად 67%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს. ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიანი უმუშევრობის ზრდა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება, რამაც სამუშაო ადგილების დროებით დაკარგვა გამოიწვია. ამასთან, მეორე სავარაუდო მიზეზად გასულ წელს "საქსტატის" მიერ უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებაც სახელდება. 

2020 წელს "საქსტატმა" უმუშევრობის დონის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ცვლილებით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან ფერმერები, რომლებიც პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ. მეთოდოლოგიურმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა უმუშევრობის დონე საქართველოში. კერძოდ, ახალი მეთოდოლოგიით, 2017-2020 წლებში უმუშევრობის დონის საშუალო მაჩვენებელმა 19.5% შეადგინა, ხოლო წინა მეთოდოლოგიის მიხედვით იგივე მაჩვენებელი 12.6% იყო.

მიმოხილვაში წერია, რომ  ახალმა მეთოდოლოგიამ მკვეთრად შეცვალა სოფლად არსებული უმუშევრობის სტრუქტურა და უმუშევრობის ზრდა გამოიწვია.

“პანდემიის გამო, ძნელია ვივარაუდოთ, თუ როგორ შეიცვლება უმუშევრობის დონე უახლოეს მომავალში. ბოლოდროინდელი BAG დასაქმების ბარომეტრის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების 23.3%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, 10.7%-მა შეამცირა, ხოლო 66%-ს არ შეუცვლია.

2021 წლის მესამე კვარტლის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს",- ნათქვამია PMCG-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში. 

მიმოხილვაში ასევე წერია, რომ 2017-2019 წლებში უმუშევრობის დონე მცირდებოდა 21.6%-დან 17.6%-მდე, თუმცა შემცირება არ ასახულა დასაქმების მაჩვენებელზე, რაც მოცემულ პერიოდში უცვლელი დარჩა. აქედან გამომდინარე, კვლევით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, უმუშევრობის დონის კლება ამ პერიოდში განაპირობა არა გაზრდილმა ეკონომიკურმა აქტივობამ ან შრომის ბაზრის პოზიტიურმა ცვლილებებმა, არამედ სამუშაო ძალის შემცირებამ.