LIVE

ტელევიზიების პროტესტს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ

15 ივლ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1385
ტელევიზიების პროტესტს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ

ოთხი ტელევიზიის - “ფორმულას”, “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ტვ კავკასიას” მიერ, პროტესტის ნიშნად, 24 საათით მაუწყებლობის გათიშვა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებების ყურადღების ქვეშ მოექცა. 

მედიის პროტესტის შესახებ BBC-ის ეთერში, ტელეკომპანია "ფორმულას" დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ვრცლად ისაუბრა

"მაუწყებლობის გათიშვა არის ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლური აქტი, ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომ საქართველოს მთავრობა ცვლის პროდასავლურ ორიენტაციას. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებას დაენახა, როგორია ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის ეპოქაში ხდებოდა და რაც ავტოკრატიულ ქვეყნებში - პუტინის რუსეთსა და ლუკაშენკოს ბელარუსში ხდება", თქვა გუმბარიძემ. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, რომ LGBT აქტივისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის დროს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების გამო, საქართველოში ოთხშაბათს ოთხი სატელევიზიო არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

“უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლებას სიძულვილის ჯგუფების წაქეზებაში ადანაშაულებენ და ჟურნალისტებისა და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაუცველობის გამო, აკრიტიკებენ”, წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ძალადობის სამიზნე 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა, რის გამოც, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. 

Reuters-ი აღნიშნავს, რომ აშშ-მა საქართველოში ძალადობრივი მოვლენების გამოძიება მოითხოვა.

ტელევიზიების გადაწყვეტილებას ბრიტანული გამოცემა The Guardian-იც ეხმაურება. სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივ ჯგუფებს ეთმობა.  

“თავდასხმებმა გამოააშკარავა საქართველოს ძლიერი ულტრაკონსერვატიული ძალები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ძალადობა ნატივისტური, შეუწყნარებელი პოლიტიკის მხარდასაჭერად”, წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ეს ძალები  საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში პოტენციურ დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილება.

Guardian-ი სტატიაში ჟურნალისტების საპროტესტო ტალღას მიმოიხილავს და იხსენებს, რომ 13 ივლისს "ფორმულა ნიუსის" ჟურნალისტი მთავრობის წარმომადგენელს პრესკონფერენციაზე სიტყვა ჩამოართვა და დამნაშავეების დასჯისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა

"ეს იყო ყველაზე მწვავე თავდასხმები, რაც თბილისის ქუჩებში ბოლო წლებში ყოფილა. ბრბომ შეგვახსენა 2013 წელს გეი უფლებების წინააღმდეგ  გამოსული ჯგუფები, რომლებსაც მღვდლები ხელმძღვანელობდნენ," წერს Guardian, რომელიც Reuters-ის მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნედ პრაისის საქართველოს მთავრობის მიმართ გუშინდელ კრიტიკულ გამოსვლას იხსენებს. 

სააგენტო France Press-ის სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) შეფასება, რომ საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებისთვის დამანგრეველი მომენტია.

ტელევიზიების პროტესტი Euronews-ის, Radio Free Europe/Radio LibertyU.S. News-ის, Barron's-ის, Interfax-ის, Swissinfo-ს ახალ ამბებში, ასევე, ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთისსომხეთის და სხვა ქვეყნების ნაკლებად ცნობილ გამოცემებში მოხვდა. 

14 ივლისის 08:00 საათიდან 15:00 ივლისის 08:00 საათამდე ოთხი ტელევიზიის ეთერში მაყურებლებს 5-6 ივლისს მედიის დაშავებული წარმომადგენლებისა და ტელევიზიების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის გაგება შეეძლოთ. ამ დროის განმავლობაში ტელევიზიების პლატფორმები, მათ შორის, "ბიზნეს ფორმულას" ვებგვერდი არ მუშაობდა. 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. ერთ-ერთი მათგანი, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მედიასაშუალებები მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება.