LIVE

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს

13 ივლ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიებას ითხოვს

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას “საეჭვო გარემოებებში” გარდაცვალებას მორიგი განცხადებით ეხმაურება და საქმის “სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას” მოითხოვს.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლექსო ლაშქარავა “მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ჰომოფობი მემარჯვენეების კონტრდემონსტრაციის გაშუქებისას მძიმედ დაშავდა”. 

“50-ზე მეტ ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალება საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებისთვის დამანგრეველი ეპიზოდია. ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღრმა, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მისი გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ, რომელთა დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო. ოფიციალური პირების პასიურობა ჟურნალისტების ჰომოფობიური მოძრაობის მიერ დაშინების უკიდურესი მცდელობის წინაშე, ძირს უთხრის მთავრობის მიმართ ნდობას, რომელიც არ უნდა შეეგუოს დაუსჯელობას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”, - განაცხადა ჟან კავალიერმა, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა. 

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ Facebook პოსტში გამოთქმული მწუხარების მიუხედავად, “მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ძალადობა მკაფიოდ და საჯაროდ დაიცვა სიტყვის თავისუფლების უფლება, რაც გარანტირებულია კანონითა და საქართველოს კონსტიტუციით”.