LIVE

პრაისი: სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით

14 ივლ 202101:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 1133
პრაისი: სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. 

დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საქართველოში შექმნილ ვითარებას თვალყურს ადევნებს და დამნაშავებიის დასჯას მოელის. 

“თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც 5 და 6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე, ისინი, ვინც ძალადობა წაახალისა, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ისინი უნდა დააკავონ და პასუხი აგონ კანონის სრული სიმკაცრით”, - განაცხადა პრაისმა. 

პარისი საქართველოს მთავრობასა და სამართალდამცავებს მოუწოდებს დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლებები, დაიცვან ჟურნალისტები და პრესის თავისუფლება.

მან ყურადღება პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. 

კითხვაზე, შესაძლო სანქციების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი პასუხობს:

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე იარაღი მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოში. სანქციები ნამდვილად არის ერთ-ერთი იარაღი. როგორც იცით, სანქციებზე დაწესებამდე წინასწარ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით,” ამბობს ნედ პრაისი. 

5 ივლისს, თბილისში, “პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ჯგუფებმა ჯამში 53 მედიის წარმომადგენელს სცემეს. ერთ-ერთი მათგანი, "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მედიასაშუალებები და სამოქალაქო აქტივისტები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან მათი უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.