
"საპარტნიორო ფონდი" სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანს" ისევ ყიდის. ამჯერად დაახლოებით 13.5 მლნ. დოლარით იაფად თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით. ფონდი ინვესტორს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარია.
"აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8%.
სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს",- აცხადებენ ფონდში.
საჯარო აუქციონი 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მესაკუთრე ან მოიჯარე აუქციონის წესით გამოვლინდება.
„საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია და ეს აუქციონი რიგით მესამეა. 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონები ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო. პირველ საჯარო აუქციონზე სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, ხოლო მეორე აუქციონზე 30 052 326 აშშ დოლარამდე შემცირდა.