
საქართველო საერთაშორისო ბაზრებზე პეკანის კაკლის ექსპორტს იწყებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსში“ განუცხადეს, წელს ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ჩინეთში დაახლოებით 50 ათასი დოლარის ღირებულების, 20 ტონა პეკანის კაკლის ექსპორტი იგეგმება.
„მიმდინარე სეზონზე 20 ტონა ნედლეული გვაქვს და მის ექსპორტს ვგეგმავთ. ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. საშუალოდ საქართველოს პოტენციალი დღეის მდგომარეობით, არის 150-200 ტონა პეკანის წარმოება. საკმაოდ შემოსავლიანი კულტურა და ბიზნესია, შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ხალხი დაინტერესდება და პეკანის კაკლის ფართობებიც გაიზრდება“,- აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ბოლქვაძე.
ექსპორტზე, როგორც გაუტეხავი, ასევე დაფასოებული და შეფუთული კაკლის გულის გატანა იგეგმება. პეკანი ისევე როგორც თხილი, ძირითადად საკონდიტრო წარმოებაში გამოიყენება და საერთაშორისო ბაზარზე მისი ფასი 7-დან 9 დოლარამდე მერყეობს.
ბოლქვაძის განცხადებით, საქართველოში პეკანის კაკლი ბაღების საერთო ფართობი 15 ჰექტარს არ აღემატება და ძირითადად, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებშია გაშენებული. მცირე რაოდენობით გვხვდება დასავლეთ საქართველოშიც.
მსოფლიოში პეკანის კაკლის მთავარი მწარმოებელი მექსიკაა და როგორც ბოლქვაძე ამბობს რეგიონში და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ თვალსაზრისით საქართველოს კონკურენტი არ ჰყავს.
„მსოფლიოში ძალიან ცოტაა ეს პროდუქტი. სეზონზე 160 ტონას არ აღემატება გასაყიდი კაკლის გული. მთავარი მწარმოებელი მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ აფრიკაა“,- აცხადებს ბოლქვაძე.