LIVE

ამერიკელებს აღარ სურთ, კვირაში 5 დღე ოფისში გაატარონ

03 ივნ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 639
ამერიკელებს აღარ სურთ, კვირაში 5 დღე ოფისში გაატარონ

ამერიკელები ნიღბებს იხსნიან, კონცერტის ბილეთებს ყიდულობენ და შვებულებებს აფორმებენ, როგორც 2019 წელს ხდებოდა. მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება პანდემიის პერიოდიდან: დისტანციურად მუშაობა.

კომპანიები, როგორებიცაა Vanguard Group და Ford Motor მუდმივად იყენებენ სამუშაოების ჰიბრიდულ მოდელს და შესაბამისად, თანამშრომლები კვირის გარკვეულ ნაწილს სახლში ატარებენ, ხოლო დანარჩენს ოფისში. თუმცა, აშშ-ის ეკონომიკისთვის, სამუშაო გრაფიკებში გრძელვადიანი ცვლილებების შედეგების პროგნოზირება ადვილი ამოცანა არაა.

სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომისტმა, ნიკოლას ბლუმმა წლების წინ დაიწყო დისტანციური მუშაობის ეკონომიკური გავლენის კვლევა და პანდემიის დროს გახდა დე-ფაქტო „სახლიდან მუშაობის" ექსპერტი, რომელმაც გასულ წელს ათიათასობით აშშ-ის ფირმისა და თანამშრომლის გამოკითხვა ჩაატარა პოსტ-პანდემიური მუშაობის შესახებ.

მისი ბოლო ნაშრომის, Donut Effect of Covid-19 on Cities-ზე გამოქვეყნებამდე, ბლუმმა ისაუბრა დისტანციური მუშაობის გავლენაზე მიგრაციაზე, უძრავ ქონებაზე, მრავალფეროვნებასა და პროდუქტიულობაზე.

კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელები გარეუბნებში გადადიან და ბინების ურბანულ, უფრო დასახლებულ რაიონებს სწრაფი ტემპით ათავისუფლებენ. ყველაზე მეტ ადამიანს დიდი ქალაქების ცენტრები კარგავენ, მათ დაკარგეს ადამიანების და ბიზნესების დაახლოებით 15%, ხოლო იმავე დიდი ქალაქების გარეუბნები კარგ შედეგებს აჩვენებენ. როგორც ჩანს, დიდი ქალაქების გარეუბნებში ყველაზე მიმზიდველი უძრავი ქონების ტენდენციაა. ეს ჰიბრიდულ მუშაობაზე გადასვლის შედეგია. თუ კვირაში ორი დღე შეგიძლიათ სახლიდან იმუშაოთ, ეს უფრო მიმზიდველს გახდის გარეუბანში ცხოვრებას, რადგან ნაკლები მგზავრობა გიწევს. მაგრამ ეს შეუძლებელს ხდის ალასკაზე გადასახლებას.

ინტერვიუ ნიკოლას ბლუმთან:

-რას ნიშნავს ეს მიგრაცია ცენტრში მდებარე ბიზნეს რაიონებში ურბანული უძრავი ქონების კუთხით?

-ამერიკის ქალაქების ცენტრებს 40-წლიანი ბუმის პერიოდი ჰქონდათ. ახალგაზრდებს სურდათ ქალაქის ცენტრებში გადასვლა, ისინი არ ჩქარობდნენ გარეუბნებში დაბრუნებას დაბერებისას. Covid-19-მა, ალბათ, 10-20 წლით დააჩქარა ეს პროცესი. ქალაქის ცენტრებს ის ფასი დაუბრუნდებათ, რაც მათ 2005 წელს ჰქონდათ, რაც ნამდვილად უფრო ძვირია, ვიდრე გარეუბნები, მაგრამ ეს სხვაობა მცირდება.

ზოგი იგივე ქირას გადაიხდის და უფრო დიდ ბინაში გადავა, ზოგი იხდის დაბალ ქირას იმავე ბინისთვის და მეტი ფინანსები გამოუთავისუფლდება. ამგვარი ცვლილებების შედეგად, უფრო მეტი შემოქმედებითი ადამიანი დაბრუნდება ქალაქის ცენტრში. შესაძლოა დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებსაც კვირაში ხუთი დღე  მუშაობა სჭირდებათ. ეს ის ხალხია, ვინც იძულებული იყო გარეუბნებში გადასულიყო მაღალი ფასების გამო და ვინც ქალაქის ცენტრში უნდა ცხოვრობდეს.

-კომპანიები, რომლებიც ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში მუშაობენ, უფრო მცირე კომერციულ შედეგებს მიიღებენ?

-ამერიკელთა მხოლოდ 28% აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ ისინი ზუსტად იმავე საქმიანობას გააგრძელებენ, რასაც პანდემიამდე. დანარჩენი 72% აცხადებს, რომ მინიმუმ, ისინი უარს იტყვიან ხალხმრავალ ლიფტებზე. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. ყველაზე დიდი კითხვაა, თუ რა ფუნქცია უნდა მიენიჭოს ცათამბჯენებს.

-გრძელვადიან პერსპექტივაში სახლიდან მუშაობა 5%-ით გაზრდის პროდუქტიულობას. ომელი კომპონენტები შეუწყობენ ამას ხელს?

-3-4% დაიზოგება დროის ხარჯზე, რაც მგზავრობისთვისაა საჭირო. მცირედი გაუმჯობესება იმ მიზეზით მოხდება, რომ თუ სახლიდან მუშაობთ კვირაში ორ დღეს, თუ ის კარგად არის ორგანიზებული, შეგიძლიათ უფრო პროდუქტიული იყოთ. ძირითადად, მიზეზი არის სამუშაოების რეორგანიზაცია.

კარგად ორგანიზებული კომპანია ამას ცენტრიდან მართავს და მაგალითად, სამრეწველო გუნდი ოფისში მივა ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს. შემდეგ ინდუსტრიულ გუნდს აქვს ყველა პირისპირი შეხვედრა და ტრენინგი ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს. ოთხშაბათს, პარასკევს თქვენ სახლში ხართ და ყველა თქვენს მშვიდი სამუშაოს აკეთებთ, როგორიცაა კითხვა, წერა, მოხსენებები, ხარჯები და ა.შ. ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად ხდება სახლში, რადგან უფრო მეტი სიმშვიდეა.

-არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ დისტანციური სამუშაო ართულებს დაწინაურებას. რა გავლენას მოახდენს ეს სახლიდან სამუშაოების გრძელვადიან პერსპექტივაზე

-დასაქმებულებში, ვისაც 12 წლამდე ბავშვები ჰყავთ, თითქმის 50%-ით მეტ ქალს ნახავთ, ვიდრე მამაკაცებს, რომლებიც ამჯობინებენ კვირაში ხუთი დღის განმავლობაში სახლიდან მუშაობას. ახალგაზრდა კურსდამთავრებულთა შორის დიდია გენდერული დაყოფა, ვინც სახლიდან კვირაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობას აირჩევს. ეს ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც და სამსახურიდან შორს მცხოვრებლებს. სახლიდან მუშაობა გუნდში, სადაც ოფისში სხვა ადამიანებიც დადიან, დაწინაურება ძალიან ძვირი ჯდება.

თუ ხალხს არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემთ, რამდენად ხშირად სურთ სახლიდან მუშაობა, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდი ხარჯი ის იქნება, რომ ახალგაზრდა უცოლო კაცები კვირაში ხუთი დღის მანძილზე ივლიან სამსახურში, ხოლო უნივერსიტეტდამთავრებული ქალები, ვისაც ბავშვები ჰყავთ, კვირაში ორი დღე. 6-7 წლის შემდეგ დიდი განსხვავება იქნება დაწინაურების მაჩვენებლებში, რაც მრავალფეროვნების კრიზისს წარმოშობს. კომპანიებისთვის ეს იურიდიულ ნაღმს წარმოადგენს, რადგან მრავლად იქნება საკმაოდ გამართლებული სასამართლო პროცესები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკემანი