LIVE

აშშ ბელარუსს სანქციებს უწესებს

29 მაი 202113:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1597
აშშ ბელარუსს სანქციებს უწესებს
Dmitry Astakhov/AFP/Getty Images

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხელახლა დააწესებს სანქციებს ბელარუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ და შეიმუშავებს დამატებით საჯარიმო სანქციებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის მიმართ, Ryanair Holdings-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისა და დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო.

28 მაისს, აშშ-ის ადმინისტრაციამ ასევე გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები, რომ არ იმოგზაურონ ბელარუსში და აცნობა ამერიკელ ფრენის ეკიპაჟებს, რომ ბელორუსის საჰაერო სივრცეში ყოფნისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

სახაზინო დეპარტამენტი ასევე აღმასრულებელ ბრძანებას ამზადებს, რომელიც აშშ-ს დამატებით ბერკეტებს მისცემს სანქციების დასაწესებლად ლუკაშენკოს რეჟიმის ელემენტების, მისი მხარდამჭერი ქსელის და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს კორუფციას, ადამიანის უფლებების ბოროტად გამოყენებას და დემოკრატიაზე თავდასხმას.

„ბელორუსის მხრიდან, კომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის ყალბი საბაბით იძულებითი დაფრენა, რომელიც ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის მოგზაურობდა და ბელორუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაპატიმრება, საერთაშორისო ნორმების პირდაპირი დარღვევაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

27 მაისს, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დეტალურად გაწერეს ბელორუსის წინააღმდეგ საკუთარი სანქციები, რომლებიც  ლუკაშენკოსთან დაახლოებულ ეკონომიკურ სექტორებს შეეხება, მათ შორის ქვეყნის პოტაშის ინდუსტრიას. მათ, სავარაუდოდ, უფრო დიდი ეფექტი ექნებათ, ვიდრე თეთრი სახლის მიერ გამოცხადებულ სანქციებს; 2020 წელს, აშშ-ის ვაჭრობამ ბელორუსთან მხოლოდ $112 მილიონი შეადგინა.

გასული 25 წლის განმავლობაში რუსეთი მხარს უჭერდა ლუკაშენკოს, მათ შორის შარშან, ოპოზიციის სასტიკი დარბევის დროს, იმის მიუხედავად, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვის სწრაფვას ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირის შექმნის მიმართულებით. მას კარგი გამოცდილება აქვს ევროკავშირსა და რუსეთს შორის მანევრირებებში, რათა შეენარჩუნებინა მოქმედების თავისუფლება, მაგრამ ახლა კრემლი შესაძლებლობას ხედავს, რომ ქვეყანა თავის ორბიტაზე შეიყვანოს.

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, რომელიც ბელორუსს ესაზღვრება, 28 მაისს Bloomberg TV-ს განუცხადა, რომ რუსეთი აპირებს კრიზისის გამოყენებას. ”რუსეთის მთავრობა ცდილობს ბელორუსიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაყლაპვას,“ - აღნიშნა მან.

28 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მომავალ თვეში ჟენევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება, ლუკაშენკოს უმასპინძლა შავი ზღვის კურორტ სოჭში და თბილი მიღება მოუწყო.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინქი