LIVE

როდის დაგვჭირდება გამაძლიერებელი დოზა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

04 ივნ 202110:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
როდის დაგვჭირდება გამაძლიერებელი დოზა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

ეფექტიანი ვაქცინების სწრაფმა განვითარებამ და გავრცელებამ მსოფლიო პანდემიიდან გამოსვლის გზაზე დააყენა. თუმცა ვაქცინის გაკეთება შეუზღუდავ დაცვას არ ნიშნავს და ახალი შტამების გამოჩენასთან ერთად, შესაძლოა, გამაძლიერებელი დოზების აუცილებლობა დადგეს.  

Pfizer-ი და სხვა მწარმოებლები ატარებენ კვლევებს იმის შესაფასებლად, თუ რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინის ეფექტიანობა და როდის გახდება საჭირო გამაძლიერებელი დოზის დამატება.

Bloomberg-მა თავი მოუყარა პასუხებს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შესაძლოა, გამაძლიერებელი დოზის შესახებ გაგვიჩნდეს.

რა არის და რისთვის არსებობს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა?

ვაქცინის გამაძლიერებლები იმუნურ სისტემას კიდევ ერთხელ “უბიძგებენ” რეაგირება მოახდინოს პათოგენზე (დაავადების გამომწვევ ორგანიზმზე). ისინი გამოიყენება მაშინ, როდესაც ვაქცინაციის თავდაპირველი კურსით მიღებული დაცვის დონე არასაკმარისია.

Covid-19-ის შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის საჭიროება შეიძლება დადგეს მაშინ, როცა ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტის შემცირდება ან თუ გავრცელდება შტამი, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებზე.  

როგორ მივხვდეთ, როდის გვჭირდება გამაძლიერებელი დოზა?

გამაძლიერებლის საჭიროების დასადგენად ყველაზე ცუდი გზა იქნება თუ ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების მაჩვენებლის მომატების დაველოდებით. ეს მეთოდი მარტივია, თუმცა დიდ დროს მოითხოვს და ვერც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით მივიჩნევთ გამართლებულად. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახლა სწორედ ამ პროცესს ვხედავთ.  მოსახლეობა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, თუმცა ინფექციის დონე იზრდება, რაც გამაძლიერებლის შესაძლო საჭიროებაზე მიუთითებს.

მეცნიერები უკეთეს გზად მიიჩნევენ სხვადასხვა ასაკის, ეთნიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ვაქცინირებული ადამიანების ჯგუფებზე დაკვირვებას და ანტისხეულების ანალიზის რეგულარულ ჩატარებას.

თუმცა საუკეთესო შემთხვევაში, სჯობს, არ დაველოდოთ რაიმე მონაცემს და მივიღოთ გამაძლიერებელი დოზა, იქამდე, სანამ ახალი შტამების მიმართ ვაქცინების ეფექტიანობა გაირკვევა. ეს არის ძვირადღირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად.

რა სახის გამაძლიერებლები არსებობს? გამაძლიერებელი იგივეა, რაც ორდოზიანი ვაქცინის ერთი დოზა?   

ბევრი საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. თუმცა Pfizer-მა კვლევებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა გამაძლიერებლად გამოიყენოს იგივე დოზა (BNT161b2), რასაც ახლა ორი დოზით აცრისას იყენებს. მიუხედავად ამისა, კომპანია გეგმავს, შეიმუშაოს ახალ შტამებზე მიმართული ვაქცინები.

Moderna-ს სურს, რომ სამი განსხვავებული მიდგომა გამოიყენოს: განაგრძოს არსებული ვაქცინის გამოყენება, მეორე მიმართული იქნება B.1.351 ვარიანტზე, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში იქნა ნაპოვნი (mRNA-1273-351) და მესამე მიდგომა, რომელიც ამ ორს გააერთიანებს.

გამაძლიერებელი დოზა რამდენიმე შტამისგან დაგვიცავს?

დიახ, ასეა. როგორც აღვნიშნეთ, Moderna სწორედ ამაზე მუშაობს. საკითხი ასე დგას - რამდენ ვარიანტზე უნდა იყოს გათვლილი ვაქცინა და რა როლი აქვს ვაქცინის ტექნოლოგიას. mRNA ვაქცინების (Pfizer/BioNTech და Moderna) შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. 

ასევე ვიცით, რომ პროტეინზე დაფუძნებული ვაქცინები (Novavax და Sanfoi-GlaxoSmithKline), თეორიულად ვარიანტების მიმართ ეფექტიანია. მაგალითად, Sanofi-ს ვაქცინა “ჰექსაქსიმი” გვეხმარება დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის და b ტიპის Hamophilus Influenzae-ს მიერ გამოწვეული მძიმე დაავადებებისაგან დაცვაში.

რა ვიცით ვაქცინების შერევის შესახებ? მაგალითად, რამდენად კარგი აზრია, რომ AstraZeneca-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრილებმა გამაძლიერებლად Pfizer-ის ან Moderna-ს დოზები მიიღონ?

ეს საკითხი დიდ ბრიტანეთში Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca დოზების შერევით უკვე შეისწავლეს. ჯერჯერობით უცნობია ამან რა გავლენა მოახდინა იმუნურ რეაქციაზე, თუმცა მიდგომა გამართლებულია. 

მათ, ვისაც mRNA ვაქცინებზე ალერგიული რეაქცია აქვთ, ურჩევენ მეორე დოზად მიიღონ ადენოვირუსის ვაქცინები, როგორიცაა AstraZeneca ან J&J. რაც შეეხება მესამე - გამაძლიერებელ დოზას, ჯერჯერობით მონაცემები არ გვაქვს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამან პრობლემა არ უნდა გამოიწვიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ ფაზელი