LIVE

ევროპა ვაქცინირებულებისთვის პლაჟებს ხსნის

21 მაი 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 805
ევროპა ვაქცინირებულებისთვის პლაჟებს ხსნის

ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ სერტიფიკატზე, რომელიც ტურისტებს ბლოკში კარანტინის გავლის გარეშე გადაადგილების უფლებას მისცემს. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს ევროკავშირში ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზაა. 

ევროკავშირის Covid-19 სერტიფიკატები იქნება მტკიცებულება, რომ მათ მფლობელებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია, გადატანილი აქვთ კორონავირუსი და მის წინააღმდეგ გამომუშავებული აქვთ იმუნიტეტი ან ახლახან ჩატარებული ტესტით Covid-19 არ დაუდასტურდათ. ასეთი სერტიფიკატის მფლობელს ევროკავშირის ყველა სახელმწიფო კარანტინის გარეშე მიიღებს. 

სერტიფიკატების შემოღება, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობას გაამარტივებს, მოსდევს წევრი-ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სრულად აცრილ მოქალაქეებს ბლოკში მოგზაურობის უფლებას აძლევს, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან გასულია მინიმუმ 14 დღე. წესები ევროკავშირის 27 ქვეყანას საშუალებას აძლევს მიიღოს არა მხოლოდ ევროპის მარეგულირებლის (EMA), არამედ, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მიერ აღიარებული ვაქცინებით აცრილ პირები.  

სერტიფიკატზე ევროპარლამენტარები და 27 სახელმწიფოს მთავრობა გუშინ შეთანხმდა, თუმცა იქამდე, სანამ ევროპის მასშტაბით, ივნისის ბოლოს ამოქმედდება, ოფიციალური დამტკიცების პროცედურები უნდა გაიაროს.   

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს, რომლებიც გაცემულია არაწევრი მთავრობების მიერ.

ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ზოგი ქვეყანა, მაგალითად, საბერძნეთი, სავალდებულო კარანტინის გარეშე, უკვე იღებს ვიზიტორებს, რომელიც წარმოადგენენ ვაქცინაციის მტკიცებულებას ან ტესტის უარყოფით პასუხს.

ევროკავშირის მასშტაბის სერტიფიკატი ვაქცინაციის ეროვნულ სერტიფიკატებს ჩაანაცვლებს. ევროკავშირში სისტემის სატესტო ვერსიები საცდელ რეჟიმში უკვე მოქმედებს.

აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში, სადაც ივლისის ბოლოსთვის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული იქნება, ახალი წესები საშუალებას მისცემთ თანდათან დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ტურიზმზე (როგორებიცაა ხორვატია, კვიპროსი, ესპანეთი, პორტუგალია) ეკონომიკის აღორძინების საშუალება ეძლევათ.

ვაქცინაციის ტემპის და პოზიტიური მოლოდინის ფონზე, ევროპული მოგზაურობისა და დასვენების სფეროში აქციების ფასი წელს 13.5%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკოს ქრიზოლორასი