LIVE

დასაქმების სააგენტო: ვიზიარებთ გერმანიაში დასაქმებული ჯგუფის წუხილს

19 მაი 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1818
დასაქმების სააგენტო: ვიზიარებთ გერმანიაში დასაქმებული ჯგუფის წუხილს

დასაქმების სააგენტო, გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილის არასათანადო სამუშაო პირობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტოში ადასტურებენ, რომ დასაქმებულების ერთი ჯგუფის მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ რომ ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებულია ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის.

"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე. დღეის მდგომარეობით, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან. ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება კი მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით",- აცხადებენ სააგენტოში. 

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ განაცხადა, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.