ევროპარლამენტარი და ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რასა იუკნევიჩიანე უკრაინაში მზარდ ესკალაციასა და NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივას Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და საქართველოსა და უკრაინისთვის Map-ის მინიჭების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„პუტინის შეჩერება შესაძლებელია. აუცილებელია 2008 წელს, ბუქარესტში, NATO-ს სამიტზე დაშვებული შეცდომის გამოსწორება, როდესაც ალიანსის ზოგიერთი წევრი არ დაეთანხმა MAP-ის მიცემას უკრაინისა და საქართველოსთვის. ახლა მოქმედების დროა. პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს მეზობლებისა და დემოკრატიის დატერორებისთვის“.
ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო. ოფიციალური კიევი ავრცელებს დაღუპულების შესახებ ინფორმაციას. პარალელურად, პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციაშია დასავლელ პარტნიორებთან და აწვდის ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.
პუტინის საპასუხოდ, დასავლეთში გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთის შეკავების ერთადერთი გზა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა. უკრაინისთვის Map-ის მინიჭება და NATO-ს წევრობა შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ ისარგებლოს ღია კარის პოლიტიკით და გახდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.