LIVE

ონლაინ საბროკერო კომპანიები Wall Street-ის დომინაციას ეჭვქვეშ აყენებენ

04 აპრ 202111:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 962
ონლაინ საბროკერო კომპანიები Wall Street-ის დომინაციას ეჭვქვეშ აყენებენ
Jackie Molloy/Bloomberg

ის, რაც ადრე Wall Street-ის ექსკლუზივი იყო - IPO-ში მონაწილეობის მიღება და კომპანიის აქციების იქამდე შესყიდვა, ვიდრე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდებოდა, ახლა ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელი გახდება.

ონლაინ საბროკერო კომპანიები, როგორიცაა Robinhood-ი და Social Finance ეცდებიან მომხმარებლებს კომპანიების მიერ საჯარო განთავსებისთვის განკუთვნილი აქციების ადრეული შეძენა შესთავაზონ. ზოგიერთი კომპანია კი, რომელიც გასაჯაროებას გეგმავს, მაგალითად ლონდონში დაფუძნებული მიწოდების სერვისის აპლიკაცია Deliveroo, მომხმარებლებს აქციებზე წვდომას უკვე სთავაზობს ოფიციალურ IPO-მდე. 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი Wall Street-ისთვის? ეს ახალი რეალობა მსხვილ ბანკებს, რომლებიც წლების გამავლობაში, ფავორიტ კლიენტებს IPO-მდე აქციების შეძენის პრივილეგიას აძლევდნენ, გარკვეულ ძალაუფლებას დააკარგვინებს. 

კითხვაზე, რატომ არის IPO-მდე აქციების შესყიდვა მიმზიდველი შეთავაზება ინვესტორებისთვის, პასუხი მარტივია, როგორც წესი, აქციებზე ფასი ვაჭრობის პირველივე დღიდანვე მნიშვნელოვნად იზრდება. ეს იმიტომ, რომ აქციების საჯარო შეთავაზება დიდ ყურადღებას იქცევს. მაგალითისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე ცნობილი კომპანიის აქციები ვაჭრობის პირველ დღეს მკვეთრად გაიზარდა.

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეი რიტერის თანახმად, რომელიც IPO-ს სწავლობს, კომპანიის აქციების პირველი დღის საშუალო ზრდა 18,4%-ს შეადგენს.

თუმცა, ადამიანებმა, რომლებმაც Deliveroo-ს სავაჭრო დებიუტის ადრეული აქციები შეიძინეს, ისიც ისწავლეს, თუ რამდენად სარისკო შეიძლება იყოს IPO, როდესაც Deliveroo-ს ვაჭრობის პირველ დღეს აქციები 26%-ით დაეცა.

გრძელვადიანი, ინვესტიციები შეიძლება სულაც არ იყოს კარგი. Ritter-ის მონაცემებით, პირველი დღის პერფორმანსის გამოკლებით, IPO-ს აქციები პირველი სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 15,8%-იან კლებას აჩვენებს.

მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება განსაკუთრებით საგულისხმოა,  აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) მხრიდან ონლაინ საბროკერო კომპანიების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით. კომისია და აშშ-ს კანონმდებლები განიხილავენ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს გამოუცდელი, არაპროფესიონალი ადამიანების ტალღა, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე დიდ ფინანსურ რისკებზე მიდიან, რაც აქამდე Wall Street-ის პროფესიონალების ტერიტორიას წარმოადგენდა.

ტრამპის ეპოქაში, SEC-ის ყოფილ თავმჯდომარეს, ჯეი კლეიტონს სურდა გაეზარდა მცირე და საცალო ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომობა კერძო კაპიტალზე და სხვა აქტივებზე, რომლებიც, კარგა ხანია, უფრო მაღალრისკიანად ითვლება. თუმცა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ არჩეული კანდიდატი, რომელიც სააგენტოს უხელმძღვანელებს, გარი გენსლერი, სავარაუდოდ უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს ინვესტორების დაცვის მიმართულებაზე და შეცვლის წინამორბედის ზოგიერთ გადაწყვეტილებას.

ამავდროულად, ელისონ ჰერონ ლი, სააგენტოს მოქმედი თავმჯდომარე, შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაზარალდნენ საცალო ინვესტორები ბოლოდროინდელი რყევებით ისეთ აქციებში, როგორიცაა GameStop-ი და SPAC.

ახალი ინვესტორები კი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ  უფრო ღია ფინანსური პროცესებით ისარგებლებენ, სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩებიან იმის გამო, რომ მათ კაპიტალი პირველ დღეზე მეტხანს უნდა შეინარჩუნონ კომპანიებში, მოგების მისაღებად. ამიტომ Simplify Financial-ი რეკომენდაციას უწევს საკონსულტაციო კომპანიებს, გაამჟღავნონ როდის შეუძლიათ აქციონერებს საკუთარი წილის გაყიდვა.

წარსულში, საბროკეროები, დიდწილად, არ ჩქარობდნენ ყველა კლიენტისთვის IPO-ზე წვდომის მინიჭებას.

”IPO ყველასთვის არ არის”,- განუცხადა Charles Schwab & Co-ს სპიკერმა Wall Street Journal-ს 1999 წელს, როდესაც ხსნიდა, თუ რატომ ღირდა ასეთი წილის ყიდვა მხოლოდ ისეთი კლიენტებისთვის, ვინც მაგალითად, $500,000-ს მაინც ფლობდა.

დღესდღეობით, Schwab-ის საიტზე ნათქვამია, რომ კომპანია არ გთავაზობთ IPO-ს აქციებს. Fidelity Investments-ის შემთხვევაში კი, კლიენტებს სჭირდებათ $100,000-დან $500,000-მდე აქტივების ფლობა, გარდა საპენსიო დანაზოგისა, გარკვეულ IPO-ებზე წვდომისთვის.

მეორე მხრივ, ETrade Financial-ი არამილიონერებისთვის IPO-მდე აქციების შეძენის შესაძლებლობის შეთავაზებით გამოირჩევა. თუმცა, ახლა ის მხოლოდ Morgan Stanley-ის მიერ გაწერილი შეთავაზებებით ვაჭრობს.

რომ დავუბრუნდეთ IPO-მდე აქციების შესყიდვის მიმზიდველობას არაპროფესიონალი ინვესტორებისთვის, ის გარკვეულწილად ექსკლუზიურია, რაც მათში ინტერესს აღძრავს.

”ძალიან შთამბეჭდავია იმის თქმა, რომ IPO-ში მიიღე მონაწილეობა”,- ამბობს კელი ლიონსი, Airbnb-ის მასპინძელი, რომელსაც კომპანიამ IPO-ში ინვესტიციის უფლება ექსკლუზიურად დართო.

ლიონსმა კომპანიაში $14,000-ის ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე Airbnb-ის აქციები საჯარო გახდებოდა. როგორც ლიონსი აღნიშნავს, ის ისურვებდა, მეტის ინვესტირების საშუალება მიეცათ. თუმცა, Airbnb-ის ამ კონკრეტულ მასპინძელს ტრეიდინგისა და საინვესტიციო ბანკირად მუშაობის გამოცდილება აღმოაჩნდა, ასე რომ "არაპროფესიონალი ინვესტორის" მაგალითად, რომლებზეც მარეგულირებლები ღელავენ, ის მაინცდამაინც არ გამოდგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები:ჩარლი ველსი, კელი გლემელი და სუზან ვული