LIVE

მომხმარებელი საკრედიტო ანგარიშის ამონაწერს წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღებს

01 აპრ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1315
მომხმარებელი საკრედიტო ანგარიშის ამონაწერს წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კრედიტინფო საქართველოსა" და სისტემურ ბანკებთან ("თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი ბანკი") ერთად, ახალი პროექტი დაიწყო. თანამშრომლობის შედეგად, სამივე ბანკის კლიენტებს "ჩემი კრედიტინფოს" სერვისის გამოყენება ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით შეუძლიათ. 
 

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "ჩემი კრედიტინფოს" სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს საშუალება ექნება, საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი წელიწადში სამჯერ უფასოდ მიიღოს. სერვისის გააქტიურების შემდეგ, ბანკი, მომხმარებლის თანხმობით, საკრედიტო ბიუროს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს გადასცემს, რის შემდეგაც, მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებით "ჩემი კრედიტინფოს" გვერდზე ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს.

"ავტორიზაციის შემდეგ ნებისმიერ პირს საშუალება ექნება მიიღოს საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც სრულად მოიცავს იმ მონაცემებს, რასაც საკრედიტო საინფორმაციო ბიურო აგროვებს და ხელმისაწვდომია საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. აღსანიშნავია, რომ უფასო საკრედიტო ანგარიშის ამონაწერი არ მოიცავს ბიუროს მიერ დამატებით დამუშავებულ ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად, საკრედიტო ქულა, რეიტინგი. მათი ნახვა მომხმარებელს "ჩემი კრედიტინფოს" სხვა დამატებითი სერვისების გააქტიურების შემთხვევაში შეუძლია",-განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებლის აზრით, ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა მომხმარებლებს მათ შესახებ არსებული საკრედიტო ინფორმაციის დეტალურად გაანალიზებაში დაეხმარება. გარდა ამისა, საკრედიტო ანგარიშის ამონაწერში აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მომხმარებლებს ინფორმაციის გასწორების მიზნით, შეუძლიათ მიმართონ მომსახურე ბანკს, "კრედიტინფო საქართველოს" ან ეროვნულ ბანკს.