LIVE

აუდიტის სამსახური აგროდაზღვევის ანგარიშს აქვეყნებს - რა დარღვევები გამოვლინდა?

03 თებ 202418:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
აუდიტის სამსახური აგროდაზღვევის ანგარიშს აქვეყნებს - რა დარღვევები გამოვლინდა?

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ანგარიშის მიხედვით, 2014-2021 წლებში, პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარი გამოიყო.

პროგრამაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებდა საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მილიონი ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია;

დოკუმენტის მიხედვით, აუდიტმა გამოავლინა ნაკლოვანებები და გაუმჯობესების საჭიროება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

სადაზღვევო შემთხვევების სრული და ზუსტი აღრიცხვა

მონაცემთა სისრულე და სიზუსტე სააგენტოს მისცემს საშუალებას, შეაფასოს დადგენილებასთან შესაბამისობის კონტროლი, პროგრამის განხორციელების ხარისხის დონე და ბენეფიციართა კმაყოფილება.

აუდიტით გამოვლინდა, რომ სააგენტოს მიერ წარმოებული 2014-2021 წლების ზარალების ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის 22% არასრულია; „ზარალების ბაზის პროტოკოლით“ დადგენილი აუცილებელი ველები და სააგენტოს ზარალების ბაზაში წარმოდგენილი ველები, რაოდენობისა და შინაარსის მიხედვით − განსხვავებულია, რაც განპირობებულია „ზარალების ბაზის პროტოკოლის აღწერის“ დოკუმენტის განახლების საჭიროებით, ასევე ზარალების მონაცემთა მონიტორინგის ელექტრონული მოდული არ ფუნქციონირებს.

სადაზღვევო პოლისების დროული სუბსიდირება

შესწავლის შედეგად გამოვლინდა სადაზღვევო პოლისების ელექტრონული მონიტორინგის პროცესის შემდეგი ნაკლოვანებები:

  • რიგ შემთხვევებში პოლისისთვის სუბსიდირების საბოლოო სტატუსის მინიჭება მისი გაცემიდან არაგონივრული დროის შემდეგ ხორციელდება. გარკვეულ შემთხვევებში ბენეფიციარის მოლოდინის დრო თითქმის გაუტოლდა პოლისის მოქმედების მაქსიმალურ ერთწლიან ვადას;
  • ამასთანავე, პოლისების 25,018 (23%) შემთხვევაში სუბსიდირების საბოლოო სტატუსი მინიჭებულია დაზღვევის პერიოდის დასრულების შემდგომ, საიდანაც 28% შემთხვევაში, 6,924 პოლისისთვის, სტატუსის მინიჭებამდე დადგა ზარალი. ასეთი გარემოებისას (სახელმწიფო სუბსიდიის თანხის ჩარიცხვამდე ზიანის დადგომის შემთხვევაში), ხელშეკრულების პირობების თანახმად, ზიანის ანაზღაურება კომპანიის მხრიდან შესაძლოა განხორციელდეს ნაწილობრივ − ბენეფიციარის თანხის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიის/პრემიის პროპორციული ზიანი ანაზღაურდება სააგენტოს მხრიდან თანხის გადარიცხვის შემდგომ. მიუხედავად ასეთი შესაძლებლობისა, დაგვიანებით დარეგისტრირებული პოლისების შემთხვევაშიც ზარალი ანაზღაურდა სრულად.

სადაზღვევო მომსახურებით ბენეფიციართა კმაყოფილების უზრუნველყოფა

2014 წლიდან პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის ზოგადი ტენდენციის შეფასებით გამოვლინდა, რომ მონაწილეთა გადინების წლიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 50%-ზე მეტს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამიდან გასვლის მაჩვენებელი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, რაც მეტწილად განპირობებულია სერვისით − ბენეფიციართა კმაყოფილებით. მიუხედავად ამისა, მცირედით იზრდება დაუზარალებელი ფერმერების გასვლის რაოდენობა, რაც შესაძლოა ცნობიერების გაუმჯობესების საჭიროებაზე მეტყველებდეს.

პროგრამის მიმართ მომხმარებელთა ნდობის და კმაყოფილების ამაღლების მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს საჩივრების მექანიზმი. საჩივრების ანალიზით გამოვლინდა, რომ სააგენტო ვერ უზრუნველყოფს საჩივრების სრულად აღრიცხვას და სისტემური პრობლემების კატეგორიზაციას.

სადაზღვევო შემთხვევების დიდი რაოდენობის ფონზე, სააგენტოში შესული საჩივრების რაოდენობა უმნიშვნელოა, რაც შესაძლოა სხვა გარემოებებთან ერთად მიუთითებდეს ამ მექანიზმის მიმართ ნდობის დაბალ ხარისხსა და საჩივრების ადმინისტრირების სისტემურ ნაკლოვანებებზე:

  • გარკვეული საჩივრები არადამაკმაყოფილებელი ხარისხით რეგულირდება კონკრეტული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის არარსებობის გამო, რაც სიტუაციის სხვადასხვანაირი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა;
  • სააგენტო არ აწარმოებს საჩივრების/პრეტენზიების სისტემატიზაციას და არ ატარებს მიზნობრივ ღონისძიებებს მსგავსი პრობლემების პრევენციისთვის.